ქალთა საერთაშორისო დღე

ომბუდსმენი: ხელისუფლებას მოვუწოდებ, ქალთა უფლებების დაცვისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას

სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და " მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში".

"ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში." - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები