რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნისთვის მზადაა

თურქი სამხედროები

თურქულმა წყაროებმა მედიების წარმომადგენლებთან საუბარში საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში სამხედროების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვეს.

"მისიაში მონაწილეობის საკითხი განიხილება, თუ იგი რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭიროდ ჩაითვლება, და შეფასდება ყველა შესაბამის მხარესთან ურთიერთთანხმობით." - ციტირებს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროს Reuters-ი.

შედარებით გრძელი ციტატა გაავრცელა თურქულმა მედია Daily Sabah-მა: "ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის თანასწორი და სამართლიანი წარმომადგენლობის საფუძველზე. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ყველა კონსტრუქციული ინიციატივის მხარდაჭერას, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას, შავი ზღვის მშვიდობის ზონად შენარჩუნებასა და უკრაინის აღდგენაში შეტანილ წვლილს. გარდა ამისა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენი მთავრობის შესაბამის უწყებებთან, რათა გავაგრძელოთ მრავალმხრივი დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე უკვე გამოხატულია, მისიაში მონაწილეობის საკითხი, რომელიც ჯერჯერობით კონცეპტუალურად არ არის განსაზღვრული, შეფასდება ყველა ჩართული მხარის ურთიერთთანამშრომლობით, თუ იგი რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის საჭიროდ ჩაითვლება".

ეს ინფორმაცია ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის პარალელურად გავრცელდა.

აქამდე სამშვიდობო კონტინგენტის სახით სამხედროების გაგზავნაზე მზადყოფნა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გამოთქვეს.

"როგორც NATO-სა და ეუთოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, თურქეთი წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს, თავისი განვითარებადი თავდაცვის ინდუსტრიით, რეგიონული კრიზისების მოგვარებაში მთავარი როლითა და ძლიერი არმიით. უახლესი მოვლენების ფონზე, როდესაც უსაფრთხოების არქიტექტურა გადაკეთდება, შეუძლებელია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის გარეშე. თუმცა, თურქეთის მონაწილეობის დაბლოკვა ევროკავშირის თავდაცვის ინიციატივებში პოლიტიკური მიზეზებით სერიოზულ შეცდომა იქნება. ევროპაში უსაფრთხოებაზე გაზრდილი შფოთვის ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თურქეთის სრული მონაწილეობა ევროკავშირის თავდაცვის ძალისხმევაში." - ციტირებს თურქულ წყაროს Daily Sabah-ი.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვისთვის უკრაინაში NATO-ს ქვეყნების ჯარების განთავსება მიუღებელია. იგივე მოსაზრება აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც.

 

კომენტარები