საქართველო-რუსეთი

რუსეთი: აფხაზეთ-ოსეთთან საქართველოს საზღვრის სწრაფი დელიმიტაცია ვითარებას გააჯანსაღებს

უკრაინის ომის პროპაგანდისტული პოსტერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.
ALEXANDER NEMENOV/AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თბილისს შორის ე.წ. საზღვრების დემარკაციის "სწრაფი დაწყება" რეგიონში "სიტუაციას გამოაჯანსაღებს".

4-5 მარტს ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდი ჩატარდა. რუსეთის საგარეოს განცხადებაც ამ ფორმატს ეხება. პროცესში ჩართული იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიების, საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები, ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით.

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენებს გასულ წელს ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

"რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ შერიგების განცხადებებზე." - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მნიშვნელოვანია ეს განცხადებები პრაქტიკულ ნაბიჯებად გარდაიქმნას და გაფორმდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაუსხმელობის შეთანხმება.

"ხაზი გაესვა МДЗ-ის (საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ კავკასიაზე) ეგიდით დაანონსებული განზრახვების ხელახლა დადასტურების, ასევე მათ კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებად გარდაქმნის მნიშვნელობას, პირველ რიგში, იურიდიულ ვალდებულებას, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე შესაბამისი შეთანხმების სახით. ამასთან დაკავშირებით, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი მიესალმნენ დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინიციატივას, განაახლონ პოლიტიკური განცხადების განხილვა, როგორც აღნიშნული შეთანხმების მიღწევის პირველი ნაბიჯი." - წერია განცხადებაში.

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ ოპოზიციას "რადიკალურს" უწოდებს და ირწმუნება, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებას განიხილავენ. გამოთქმულია უკმაყოფილება საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

"ამ ამოცანის აქტუალობა იზრდება იმ ფონზე, როცა რადიკალური ქართული ოპოზიცია "მოწყვეტილ" ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის ძალადობრივ სცენარებს განიხილავს, ასევე სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გეგმებში საქართველოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რაზეც მეტყველებს ალიანსთან თბილისის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება, ინტენსიური სამუშაო კონტაქტებისა და ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე, კავკასიური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის ჩათვლით." - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, იმისთვის, რომ რეგიონში ვითარება "გამოჯანსაღდეს", საჭიროა საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დემარკაცია "სწრაფად" დაიწყოს.

"რაც შეეხება "მიწაზე" არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას, ის, დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, მთლიანობაში შედარებით მშვიდია. საზღვრისპირა რეგიონებში სტაბილურობის შენარჩუნება დიდწილად ხერხდება МДЗ-ის ეგიდით შექმნილი კომუნიკაციის არხების ეფექტიანი მუშაობის წყალობით, რაც მოიცავს "ცხელი ხაზების" სისტემას, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (МПРИ) საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ერგნეთის დასახლებულ პუნქტში. მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაგრძელება, რათა აღდგეს ანალოგიური МПРИ-ის ფუნქციონირება გალის დასახლებულ პუნქტში. რეგიონში სიტუაციის შემდგომი გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური სახელმწიფოს საზღვრის დელიმიტაციისა შემდეგ დემარკაციის პროცესის სწრაფად დაწყება." - წერია განცხადებაში.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ არსებული რეზოლუციის საქართველოს მიერ ყოველწლიურ წარდგენასთან დაკავშირებით.

"ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობაში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. ამ საკითხის საერთაშორისო სტრუქტურებში გადატანა, სადაც ცნობილი მიზეზების გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ოფიციალურ წარმომადგენლებს წვდომა შეზღუდული აქვთ, შეუძლებელს ხდის მის პარალელურ განხილვას МДЗ-ის ფარგლებში." - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამას გარდა, განცხადებაში რუსული მხარე კვლავ ითხოვს, რომ ჟენევის ფორმატმა სხვა ქალაქში, "ყველა მონაწილისთვის მისაღებ" ადგილზე გადაინაცვლოს, რადგან, მათივე მტკიცებით, შვეიცარიამ ნეიტრალიტეტს "ანტირუსულ სანქციებზე შეერთებით გადაუხვია". განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ მომდევნო რაუნდი 2025 წლის ივნისში გაიმართება.

კომენტარები