2 მარტს ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი დააკვირდა. ინფორმაცია ტაბულას ცესკოში დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს მუშაობის აკრედიტაცია არ მისცეს.
პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ტაჯიკეთს 1992 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ მართავს. 1992-დან 1994-მდე ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 1994 წლიდან ის პრეზიდენიტის პოზიციას იკავებს. ასევე, ის 1998 წლიდან მმართველი სახალხო-დემოკრატიული პარტიის ლიდერია.
ტაჯიკეთის უკანასკნელი მსხვილი ოპოზიციური პარტია 2015 წელს აიკრძალა. 2016 წელს პრეზიდენტ რაჰმონის მიენიჭა ტიტული – „მშვიდობისა და ეროვნული ერთობის დამფუძნებელი, ერის ლიდერი“, რამაც მას შეუზღუდავი საპრეზიდენტო ვადები და სიცოცხლის ბოლომდე ხელშეუხებლობა მიანიჭა. პრეზიდენტის ვაჟი, რუსთამ ემომალი, ამჟამად ტაჯიკეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს და ამავდროულად ქვეყნის დედაქალაქ დუშანბეს მერია.





