ჯეფრი ეპსტინის საქმე

აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა ჯეფრი ეპსტინის საქმის დოკუმენტების ნაწილი გაასაჯაროვა

AP

დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა პემ ბონდიმ 27 თებერვალს სახელმწიფო დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მდიდარი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის გახმაურებულ საქმესთანაა კავშირში.

გასაჯაროებული დოკუმენტები ეპსტინის კერძო თვითმფრინავით ფრენის ჩანაწერების ასლსო მოიცავს, რომელიც მანამდე სასამართლო საქმის ფარგლებში ხელმისაწვდომი უკვე იყო. ამასთანავე, დოკუმენტებს შორის არის მძიმედ რედაქტირებული მისამართების წიგნი, რომელიც სავარაუდოდ ეპსტინმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გილენ მაქსველმა შეადგინეს და რომელსაც მედია წყაროებში მანამდე მრავალი წლის განმავლობაში ციტირებდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა რედაქტირებული მასაჟისტებისა და მტკიცებულებების სია, რომელშიც 150-ზე მეტი ნივთის ჩანაწერი იყო.

ბონდიმ დოკუმენტების გასაჯაროება Fox News-თან გამოაცხადა, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტში თქვეს, რომ დოკუმენტების გასაჯაროების მიზანი გამჭვირვალობის მიმართ ერთგულების ჩვენებაა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების გასაჯაროებამდე ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში ათეულობით პროტრამპისტ ინფლუენსერს ექსკლუზიური ბრიფინგი მოუწყო, რის შემდეგაც სოციალურ მედიაში ეპსტინის საქმის დოკუმენტების ასლთან ერთად გადაღებული მათი სურათები გავრცელდა.

ხოლო იუსტიციის დეპარტამენტმა დოკუმენტები საკუთარ ვებგვერდზე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოაქვეყნა და მათი მნიშვნელობის შემცირება სცადა: "დეკლასიფიცირებული დოკუმენტების პირველი ნაწილი მეტწილად ისეთ დოკუმენტებს მოიცავს, რომელმაც მანამდე უკვე გაჟონა, მაგრამ აშშ-ს მთავრობის მიერ ფორმალურად გავრცელებული მანამდე არ ყოფილა". - განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა. შედეგად, დოკუმენტებში ახალი ინფორმაციის ნაკლებობას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

27 თებერვალს ბონდიმ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) დირექტორს კეშ პატელს წერილში უბრძანა, რომ FBI-მ 28 თებერვალს დილამდე მას "ეპსტინის საქმის სრული და მთლიანი დოკუმენტები" გადასცეს, და პატელს მოუწოდა, "მყისიერი გამოძიება ჩაატაროს", თუ რატომ არ შეასრულა FBI-მ მისი ბრძანება ყველა დოკუმენტის გადაცემის შესახებ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი ეპსტინის საქმეზე სახელმწიფო დოკუმენტებს გაასაჯაროებდა.

2000-იანი წლების დასაწყისში ეპსტინი ათეულობით არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული, თუმცა მან საბოლოოდ ციხეში მხოლოდ 13 თვე გაატარა. 2008-ში მან ფლორიდის ფედერალურ პროკურორებთან საიდუმლო გარიგებას მიაღწია, რამაც მას საშუალება მისცა, სექს-ტრეფიკინგთან დაკავშირებით უფრო სერიოზული ბრალდებები თავიდან აერიდებინა, თუმცა 2019 წელს მას ნიუ-იორკში ფედერალური ბრალი წაუყენეს მსგავსი დანაშაულებისთვის.

ეპსტინის საქმემ დიდი ყურადღება მიიქცია, რადგან მის ყოფილ შეყვარებულს გილენ მაქსველს კავშირი ჰქონდა სამეფო ოჯახის წევრებთან, პრეზიდენტებთან და მილიარდერებთან, ხოლო თავად მაქსველი ბრიტანელი მედია მაგნატის, რობერტ მაქსველის ქალიშვილია, რომელიც ერთ პერიოდში New York Daily News-ის მფლობელი იყო.

კომენტარები