რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ცაჰკნა: ევროპას საკმარისი ბერკეტი აქვს, რათა მოლაპარაკებებისას რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს

Priit Mürk/ERR

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროპული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის წინააღმდეგ მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენონ. ამის შესახებ მან RDN-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ცაჰკნას შეფასებით, ევროპა ამჟამად ძალიან ძლიერ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ეს პოზიცია უნდა დაიცვას.

"პუტინი ომის მთავარ მოტივს ინარჩუნებს. რუსეთის მიზანი ამ ომში არა მხოლოდ უკრაინაში ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაც. ჩვენ, ევროპელებს ბევრი რამ გვაქვს ხელში, რათა მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა შევძლოთ". - თქვა ცაჰკნამ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, თქმით ვლადიმირ პუტინს სურს, 220 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივები დაიბრუნოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მიაღწიოს, თუმცა, "ეს სწორედ ევროპელების ხელშია და არა ამერიკელების".

ამასთან, ცაჰკნას შეფასებით, ტრამპი არც ისე სერიოზულად ეკიდება პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს.

"ჩვენ არ უნდა მივცეთ ტრამპს იმის უფლება, რომ ისტორია გადაწეროს სწრაფი შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები შედგება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკურად და სანქციების დახმარებით, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს უკეთესი პოზიცია მოლაპარაკებებში. თუ რუსეთს და აშშ-ს სურთ ისაუბრონ ევროპასა და უკრაინაზე, შეუძლებელია გადაწყვეტილებების ჩვენი თანხმობის გარეშე მიღება". - თქვა ცაჰკნამ.

კომენტარები