რუსეთის დელეგაცია სტამბოლში აშშ-ს გენერალური კონსულის რეზიდენციაში ჩავიდა, სადაც საელჩოების მუშაობის საკითხებზე მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ კრემლის მედია TASS, კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს.
მოლაპარაკებები პრესისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. დელეგაციების შემადგენლობა არ გახმაურებულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ შეხვედრაში "მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები" მიიღებენ მონაწილეობას. ისინი "გამოიკვლევენ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა [აშშ-ს] წინა ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შედეგად, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით რუსეთის საელჩოს საქმიანობაში", რაზეც რუსეთს "პასუხის გაცემა მოუწია და ასევე შექმნა არასასიამოვნო პირობები მოსკოვში ამერიკის საელჩოს მუშაობისთვის“.
"ვფიქრობ, ამ შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით გაირკვევა, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეგვიძლია წინსვლა", – განაცხადა ლავროვმა.





