რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ერდოღანი: უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში, თუ შედეგების მიღება გვსურს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა "აუცილებლად" უნდა იყოს ჩართული ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებებში. 

"თუ ახალი პროცესებიდან შედეგების მიღება [გვსურს], უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, ხოლო ომი ორმხრივი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს". - თქვა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ. 

ერდოღანმა, რომელიც გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, 24 თებერვალს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. 

ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში შესთავაზა.

"ჩვენ მზად ვართ ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად. მზად ვართ ვუმასპინძლოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. სამშვიდობო დარეგულირება სასწრაფო და აუცილებელია". – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან ერთად, ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.

ცნობისთვის, 18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

შეხვედრაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდა უკრაინისა და ევროპის ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

აშშ-რუსეთის შეხვედრის პარალელურად პარიზში საგანგებო სამიტი გამართა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა რამდენიმე ევროკავშირის ლიდერიც ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

შემდეგი შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის დღეს, 25 თებერვალსაა დაგეგმილი. 

კომენტარები