გერმანიის ფინანსთა მინისტრმა იორგ კუკისმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს დიდ შვიდეულში არ დააბრუნებენ, როგორც ეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ითხოვა.
"G7-ის მხრიდან რუსეთის აგრესიის ომის დაგმობა ძალზე აშკარაა, განსაკუთრებით, რუსეთის სასტიკი თავდასხმიდან მესამე წლისთავზე". - თქვა კუკისმა და დაამატა, რომ ტრამპის წინადადებას საჭირო ერთსულოვანი მხარდაჭერა არ ექნება.
ნოემბერში კუკისი ფინანსთა მინისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლაფ შოლცის მთავრობა ჩამოიშალა და იგი თანამდებობაზე ქვეყნის ვადამდელი ფედერალური არჩევნების შედეგად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება.
კუკისმა ასევე დაამატა, რომ G7-მა შესაძლოა, განიხილოს წინადადება, რომ ევროპაში გაყინული $300-მილიარდიანი რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იყოს გამოყენებული, თუმცა, მისი თქმით, "დისკუსია ჯერ ახლა იწყება და სავარაუდოდ, ჯერჯერობით ამის თქმა ადრეა".
ტრამპმა 13 თებერვალს თქვა, რომ რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნებას ისურვებდა, რადგან, მისი თქმით, მოსკოვის გაძევება შეცდომა იყო.
"ვისურვებდი, რომ დავაბრუნოთ. ვფიქრობ, მათ გაგდება შეცდომა იყო. ეს არ არის რუსეთის მოწონება-არ მოწონების საკითხი. ეს დიდი რვიანი იყო". - თქვა ტრამპმა.
"მე ვთქვი, "რას აკეთებთ? თქვენ - სულ რუსეთზე ლაპარაკობთ და ისინი მაგიდასთან უნდა იყვნენ". ვფიქრობ, პუტინი ისურვებდა, რომ დააბრუნონ". - დაამატა მან.





