ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის, მაიკ უოლცის თქმით, ამჟამად ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კონკრეტული განსახილველი საკითხი არ აქვთ, რომლის გამოც მათ შორის შეხვედრის გამართვა იგეგმება . მანვე დაამატა, რომ აშშ-სა და რუსეთს დიალოგი აქვთ არა მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორი იქნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები მომავალში.
უოლცის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის საელჩოები ხელახლა ამუშავდეს.
ამის შესახებ უოლცმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
"მოლაპარაკებებისა და ჩართულობის სერია გვაქვს ჩემს დონესა და ქვემოთ. მიმოცვლა გვაქვს იმაზე, თუ როგორი სურათი იქნება მომავალში, არა მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, არამედ ზოგადად როგორი იქნება აშშ-რუსეთის ურთიერთობა. მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რომ მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგამ, ლავროვმა ჩვენი საელჩოები კვლავ აამუშაონ. ძალიან რთულია [...], რომ ურთიერთობა განვავითაროთ, თუ მოქმედი საელჩოები არ გვაქვს". - თქვა უოლცმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა.
გარდა ამისა, რიაბკოვმა თქვა, რომ შესაძლო სამიტი არა მხოლოდ უკრაინაში ომს, არამედ ზოგადად აშშ-რუსეთის ურთიერთობის რელევანტურ საკითხებს შეეხება.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება პროგრესი უკრაინაში ომის დამთავრების საკითხზე.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.
ამასთანავე, New York Times-მა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ შეშფოთებულ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი შეთანხმების პირობების მიღება უკრაინას ან ევროპას დააძალოს.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონს გარკვევით ესმოდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დასავლეთის დაყოფისთვის ან მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის შესასუსტებლად გამოიყენებდა. NYT-ის ცნობით, მან ევროპელ პარტნიორებს ასევე უთხრა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის, თუ რუსეთის პოზიციაში აშკარა ცვლილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხა შეზღუდული სახით სანქციების მოხსნა, თუ მოსკოვი ისეთ ნაბიჯებს გადადგამდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას სურს.





