კანადა რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინას 3.5 მილიარდს გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კიევში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე ისაუბრა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის აგრესიის დამფინანსებლებს დასავლეთის ბანკებში დაახლოებით $300 მილიარდის ოდენობის აქტივები გაუყინეს.
ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.
2024 წელს, დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას ეტაპობრივად გამოუყონ სესხი.
G7 ქვეყნები - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ დღემდე უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერები არიან.
G7-ის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც ოფიციალურად მიიღეს გეგმა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება. აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის მთავრობამ 2024 წლის 21 მაისს გაავრცელა.
შეთანხმების ფარგლებში, მოგებიდან შემოსული თანხის 90% ევროკავშირის მართვის ქვეშ არსებულ ფონდში წავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის არის განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი 10% უკრაინისთვის სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება.





