კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლს არ მიაჩნია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ "პრორუსული და ანტიუკრაინული" პოზიცია დაიკავა.
რუსული სამთვრობო მედიის, ТАСС-ის თანახმად, ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"ვფიქრობ, რომ ეს არასწორი განცდაა". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მანამდე, პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი ვაშინგტონსა და კიევს შორის "გარკვეულ უთანხმოებას" ხედავდა. მანვე დაამატა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის რუსეთ-უკრაინის ომის რეგულირებაზე მოლაპარაკებებს ამჟამად "კონკრეტიკა" აკლია.
კრემლის პრესსპიკერი ირწმუნება, რომ კრემლი ტრამპის ადმინისტრაციას ეთანხმება, რომ უკრაინაში ომის "მშვიდობიანი გზებით" დარეგულირება არის სასურველი.
19 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.
მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, მაიკ უოლცის თქმით, დონალდ ტრამპი ზელენსკით იმედგაცრუებულია.
იმედგაცრუების პირველ მიზეზად მრჩეველი "კიევიდან მომავალ რიტორიკის ნაწილს და პრეზიდენტ ტრამპისთვის შეურაცხყოფის მიყენებას" ასახელებს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისთვის სრულიად მიუღებელია.
უოლცმა ასევე ილაპარაკა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზეც. მისი თქმით, მინერალების მოპოვება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი წამოწყებაა, რომელიც მილიარდობით დოლარს მოუტანს, როგორც უკრაინას, ისე აშშ-ს. გარდა ამისა, უოლცის აზრით, მსგავსი ტიპის ინვესტიცია გადაფარავს იმ ხარჯებს, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის ბოლო წლებში გაიღო. დონალდ ტრამპის იმედგაცრუების მეორე დიდი მიზეზი სწორედ წიაღისეულზე ვერ შემდგარი შეთანხმება გახდა.





