რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: ომის გრძელვადიანად დამთავრება ნიშნავს, რომ ყველა მხარისთვის უნდა იყოს მისაღები

ვფიქრობ, დიპლომატია, საბოლოო ჯამში, ქმედებებზე და შესრულებულ ვალდებულებებზეა დაფუძნებული. დღეს შეხვედრიდან გამოვედი იმაში დარწმუნებული, რომ ისინი [რუსული მხარე] მზად არიან, ჩაერთონ სერიოზულ პროცესში, რათა განისაზღვროს როგორ, რამდენად სწრაფად და რა მექანიზმის მეშვეობით შეიძლება ამ ომის დამთავრება.

მივაღწევთ თუ არა ამ შედეგს საბოლოო ჯამში, ცხადია, დამოკიდებული იქნება ამ კონფლიქტის ყველა მხარის მზადყოფნაზე, რომ დათანხმდნენ გარკვეულ რაღაცებზე. ასე რომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის გამართვა.

რუსებთან თითქმის სამი წელია ბევრი კავშირი არ გვქონია და ეს გვამზადებს მომავალი მოლაპარაკებებისთვის. რა შედეგი ექნება ამას, მხარეებზე იქნება დამოკიდებული და მათ მზადყოფნაზე, რომ ვალდებულებები არა მხოლოდ აიღონ, არამედ შეასრულონ კიდეც. ეს მომდევნო კვირებში გამოცდას გაივლის. 

მაგრამ შემიძლია გითხრათ და გავიმეორო: პრეზიდენტმა ტრამპმა კამპანიის დროს გარკვევით თქვა, რომ მისი აზრით, ამ კონფლიქტს დასრულება ესაჭიროება. ის ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეეძლო იმ პროცესის დაწყება, რაც დღეს აქ ვიხილეთ და ეს პროცესი გაგრძელდება.

და როცა კონფლიქტის მდგრადი და გრძელვადიანი სახით დამთავრებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ მასში ჩართული ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ეს, ცხადია, უკრაინას, მაგრამ ასევე ევროპაში ჩვენს პარტნიორებსა და, რა თქმა უნდა, რუსულ მხარესაც მოიცავს.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები