უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე ისაუბრა. ზელენსკი შეეხო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და თქვა, რომ აშშ დღეს ამბობს იმას, რაც პუტინს ესიამოვნება, რათა ომი სწრაფად დაასრულოს.
"აშშ დღეს ამბობს იმას, რაც პუტინს ძალიან სიამოვნებს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი. მათ უნდათ, რომ მას ასიამოვნონ. იცით რატომ? რათა შეთანხმდნენ და სწრაფ წარმატებას მიაღწიონ" – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, რომელმაც თქვა, რომ არარეალისტურია, უკრაინამ 2014 წლამდე არსებული საზღვრები დაიბრუნოს. ზელენსკის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსანი "დეტალებს უკეთ უნდა გაეცნოს, რისთვისაც მას დრო დასჭირდება".
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ერთ დღეს, უკრაინა დაიბრუნებს რუსეთის მიერ წართმეულ ყველა ტერიტორიას.
"ჩვენ დავიბრუნებთ ყველაფერს. საერთაშორისო სამართლის მიმართ პატივისცემა აღდგება. დღეს თუ არა, ხვალ მაინც" – თქვა ზელენსკიმ.





