15 თებერვალს აშშ-მ სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას წევრი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ, ხოლო მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაავრცელა.
"აშშ-ს ძალებმა ამ შაბათ-კვირას ზუსტი საჰაერო იერიში მიიტანეს სირიაში ალ-კაიდას წევრის წინააღმდეგ. ტერორისტი ლიდერი რეგიონში ალ-კაიდასთან ერთად მუშაობდა. ვულოცავ ცენტრალური სარდლობის სარდალს, გენერალ მაიკლ კურილას და აშშ-ს მეომრებს, რომლებმაც სამართლიანობა აღასრულეს მორიგი ჯიჰადის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკას, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს საფრთხეს უქმნიდა". - დაწერა ტრამპმა.
მანამდე, 16 თებერვალს, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ პრესრელიზში განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იერიშის შედეგად მოკლეს ალ-კაიდასთან აფილირებული ტერორისტული ორგანიზაციის, ჰურას ალ-დინის (HaD) უფროსი მაღალჩინოსანი ფინანსურ და ლოჯისტიკურ საკითხებში.
"15 თებერვალს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა მიიტანეს ზუსტი საჰაერო იერიში ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, რითაც მიზანში ამოიღეს და მოკლეს უფროსი მაღალჩინოსანი ფინანსურ და ლოჯისტიკურ საკითხებში ალ-კაიდასთან აფილირებული ტერორისტული ორგანიზაცია ჰურას ალ-დინიდან". - ეწერა განცხადებაში.
ცენტრალური სარდლობის თქმით, აღნიშნული იერიში ნაწილია მათი მისიის, რათა რეგიონში პარტნიორებთან ერთად არ დაუშვან და დააქვეითონ ტერორისტების მხრიდან დაგეგმვისა და ორგანიზების ძალისხმევა, ასევე აღკვეთონ აშშ-ს, მოკავშირეების ან პარტნიორების მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ მათი მხრიდან თავდასხმების მცდელობები.





