გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელი მაღალჩინოსნები ახალ ფართომასშტაბიან პაკეტზე მუშაობენ, რათა თავდაცვის ხარჯი და უკრაინისადმი მხარდაჭერა გაზარდონ იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრებას ცდილობს.
გამოცემა წერს, რომ 17 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები პარიზში არიან მიწვეული, რათა საპასუხო გეგმა შეიმუშაონ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გარკვევით თქვეს, რომ ზღვარი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებისთვის არის მზად აშშ.
Bloomberg-ის მიხედვით, ევროპელ ლიდერებს კონტინენტის სამხედრო ძალის აღდგენა დაევალათ თითქმის 80 წლის შემდეგ, რაც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპელმა ლიდერებმა ფაქტობრივად აშშ-ს მიანდვეს.
"ვითარება სასწრაფოა, რადგან ტრამპი უკრაინაში ომის დასამთავრებლად ძალისხმევას აჩქარებს, ხოლო ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესაძლოა, დამღუპველ შეთანხმებაზე მოუწიოს ხელის მოწერა, თუ ევროპელი ლიდერები სწრაფად არ შეადგენენ გეგმას, რათა მას სამხედრო დახმარება გაუწიონ". - წერს Bloomberg.
გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა აღდგომამდე სურთ. თუმცა, ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებების ტემპი, რომელიც ამ კვირაში საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრით იწყება, ამბიციური და პოტენციურად არარეალისტურია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ 16 თებერვალს საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა უკრაინის შესახებ და იმაზე, თუ როგორ შემუშავდეს მშვიდობა ისე, რომ "პროცესის ცენტრში ევროპელები" იყვნენ.
მაკრონი პარიზში გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან კოლეგებს უმასპინძლებს, რათა საპასუხო ნაბიჯები შეიმუშაონ. შეხვედრაზე ასევე იქნება NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა და ევროპული სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება, რათა ევროპა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს მიღმა არ დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ 16 თებერვალს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ ევროპული ქვეყნების მთავრობებს კითხვარი გაუგზავნა იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ აშშ-სგან, რათა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონმა "მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნასა და ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან წინადადებების წარდგენას მოველით".
ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - აღნიშნა მან.