აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ჩვენ [აშშ] მზად ვართ, რომ მივყვეთ პრეზიდენტ [ტრამპის] მაგალითს და დავიწყოთ გზების გამონახვა, თუ ასეთი შესაძლებლობები გამოჩნდება, რათა დავიწყოთ პროცესი მშვიდობისკენ. თუმცა, მშვიდობისკენ პროცესი ერთ შეხვედრაში არ ხდება. ეს ომი დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს, ის რთულია, ჩახლართულია, სისხლიანი იყო და ძვირი დაჯდა, ამიტომ, მარტივი არ იქნება კონფლიქტის დასრულება. სასწორზე სხვა მხარეებიც არიან - ევროკავშირს სანქციები აქვს; თავისთავად, უკრაინელები ამ ომში იბრძვიან, ეს მათი ქვეყანაა და ფრონტის ხაზზე ისინი არიან.
ასე რომ, ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
"ახლა, ცხადია, ქმედებები უნდა მოჰყვეს, ასე რომ მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, სერიოზულია თუ არა ეს. საბოლოოდ, ერთ სატელეფონო ზარს მშვიდობა არ მოაქვს". - აღნიშნა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები მომდევნო დღეებში საუდის არაბეთში გამართავენ შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე სასაუბროდ.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვისა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში ომზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები პარიზში რუსეთ-უკრაინის ომთან და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე მიიწვია.