რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სანამ NATO-ში არ ვართ, 1.5 მილიონი ჯარისკაცისგან შემდგარი არმია გვჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, მას 1.5 მილიონი ჯარისკაცისგან შემდგარი არმია სჭირდება, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს და თავი დაიცვას.

ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ თუ უკრაინა NATO-ში არ იქნება, საჭირო იქნება, უკრაინამ უსაფრთხოების სისტემა ევროპასთან ერთად განავითაროს და მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა ეს გააცნობიერონ.

ამის შესახებ მან მიუნხენში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  

"თუ ჩვენ არ ვართ NATO-ში, ან სანამ არ ვართ NATO-ში, სწორედ ასეთი არმია უნდა გვყავდეს, რომელსაც დაცვა შეუძლია. ეს ნიშნავს შესაბამის იარაღს, NATO-სას, და სამხედროების შესაბამის რაოდენობას, ჩვენსას, უკრაინელებისას. თუმცა, რა არის ეს რაოდენობა? მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით რიცხვებს, რომლებიც ყველა სამხედროსთან ერთად გვესმის. ეს იქნება 1.5-მილიონიანი არმია". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის არმია დღეს თითქმის ორჯერ უფრო მცირეა და 800 ათასი ჯარისკაცისგან შედგება. 

"მაგალითად, საომარი ბრიგადები ჩვენ ორჯერ ნაკლები გვყავს (რედ. - რუსეთზე). დღეს მათ 220 საომარი ბრიგადა ჰყავთ, ჩვენ კი 110. ესე იგი, ჩვენ 220 გვჭირდება". - თქვა ზელენსკიმ. 

14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მკიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს. 

დღეს, 14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუნხენში აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკებენ.

"რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. უკრაინაც დაპატიჟებულია". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ზელენსკის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა თქვა, რომ უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრას არ აპირებს.

კომენტარები