რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

FT: რუსეთის თავდაცვის ხარჯი ევროპის ქვეყნების საერთო თავდაცვის ხარჯს აღემატება

უკრაინელი სამხედროები განადგურებული რუსული ტანკის გვერდით ქალაქ იზიუმთან, 20 სექტემბერი, 2022
REUTERS/Gleb Garanich

გამოცემა Financial Times კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის ეკონომიკის საომარ რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხარჯები ამჟამად ევროპის ყველა ქვეყნის ერთად აღებულ თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება.

გამოცემის ინფორმაციით, წინა წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები რეალურ გამოხატულებაში 42%-ით გაიზარდა, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით $462 მილიარდს უტოლდება.

შედარებისთვის, ევროპის ქვეყნების ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი, რაც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოიცავს, 2024 წელს თითქმის 12%-ით გაიზარდა და $457 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით ჩამოუვარდება მოსკოვის ხარჯებს, წერს სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (IISS).

IISS-ის გათვლებით, მიმდინარე წელს რუსეთის მთლიანი თავდაცვის ხარჯი, მათ შორის ე.წ. მოხალისეობრივი გადასახადები რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კომპანიების მხრიდან, 13.7%-ით გაიზრდება და 15.6 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, რაც რუსეთის მშპ-ს 7.5%-ის, ხოლო რუსეთის ფედერალური ხარჯების 40%-ის, ტოლფასი იქნება.

შედარებისთვის, IISS-ის მიხედვით, თუკი ევროპის ქვეყნები თავდაცვის ხარჯს მშპ-ს 3%-მდე გაზრდიან, ეს დამატებით $250 მილიარდის ტოლფასი იქნება, ხოლო მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შემთხვევაში ევროპის ქვეყნების თავდაცვის ხარჯი დაახლოებით $800 მილიარდით გაიზრდება, რაც რუსეთის ხარჯის ამჟამინდელ დონეზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

IISS-ის "სამხედრო ბალანსი" გლობალური სამხედრო შესაძლებლობებისა და თავდაცვის ხარჯების წლიური შეფასებაა, რომელიც ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინისა და ევროპული თავდაცვის მიმართ მხარდაჭერას შეამცირებს.

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სწრაფად უნდა დამთავრდეს. მან 12 თებერვალს განაცხადა, რომ პუტინთან "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული" საუბარი ჰქონდა. ტრამპს ასევე ნათქვამი აქვს, რომ აშშ ევროპელ პარტნიორებთან შედარებით ზედმეტად ბევრს ხარჯავს უკრაინის დასახმარებლად და ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის.

12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასამთავრებლად?

უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე საუბრის გარდა, ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ "ევროპული უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანი უნდა იყოს NATO-ს ევროპელი წევრებისთვის".

"ამის ფარგლებში უკრაინას სამომავლო ლეტალური და არალეტალური დახმარების უდიდესი წილი ევროპამ უნდა მიაწოდოს. ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გამოწვევებს უნდა უპასუხონ. ეს ნიშნავს უფრო მეტი საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემას, შედარებითი უპირატესობების ბერკეტად გამოყენებას, საკუთარი სამრეწველო ბაზის გაფართოებასა და უფრო მნიშვნელოვნად, საკუთარ მოქალაქეებთან პირისპირ საუბარს იმის შესახებ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ევროპა". - განაცხადა ჰეგსეთმა.

მანამდე, იგივე პოზიცია აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა 9 თებერვალს NBC-სთან ინტერვიუშიც გააჟღერა. უოლცის თმით,  აშშ მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დაამატა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დასახული საგარეო პოლიტიკა ჰეგსეთმა იმით ახსნა, რომ ახალი მკაფიო "სტრატეგიული რეალობები" ხელს უშლის აშშ-ს, "უპირველეს ყოვლისა ევროპის უსაფრთხოებაზე იყოს კონცენტრირებული".

"ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ სამუშაოს ისეთი გადანაწილება, რომელიც მაქსიმალურად ზრდის ჩვენს შედარებით უპირატესობებს, შესაბამისად, ევროპასა და წყნარ ოკეანეში". - თქვა მან. 

ტრამპის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, გააორმაგონ ძალისხმევა და ხელახლა აიღონ ვალდებულება "არა მხოლოდ უკრაინის მყისიერი უსაფრთხოების საჭიროებების მიმართ, არამედ ევროპის გრძელვადიანი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის მიზნების მიმართაც".

სიტყვით გამოსვლის ბოლო ნაწილში ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ "აშშ ერთგული რჩება NATO-ს ალიანსისა და ევროპასთან ერთად თავდაცვითი პარტნიორობის მიმართ, წერტილი, მაგრამ აშშ აღარ იქნება ტოლერანტული უთანასწორო ურთიერთობის მიმართ, რომელიც დამოკიდებულებას ახალისებს".

კომენტარები