რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

VOA: ტრამპის თქმით, უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა პუტინმა არ იფიქროს, რომ გაიმარჯვა

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, სატელეფონო საუბრის შემდეგ შეთანხმდა, რომ უკრაინაში ომის დამთავრებაზე მოლაპარაკებები მყისიერად უნდა დაიწყოს.

თუმცა, გამოცემა Voice of America წერს, რომ ტრამპის ამ განცხადების მიუხედავად, იგი გარანტიას იძლევა, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში "პუტინი იფიქრებს, რომ მან გაიმარჯვა".

"და გულწრფელად, ჩვენ იმდენს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რადგან ჩვენ სხვა რამ არ გვსურს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ახლა მშვიდობა უნდა" - თქვა ტრამპმა 12 თებერვალს თეთრ სახლში პრესასთან, როგორც ამას Voice of America წერს.

პუტინთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინთან შესახვედრად თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დაამატა, რომ შეხვედრა "როგორც აქ, ასევე იქ" გაიმართება. მისი თქმით, პირველი მოლაპარაკებები სავარაუდოდ საუდის არაბეთში შედგება "არც ისე შორეულ მომავალში".

გამოცემის ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრიდან, რომელიც საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მან გაიგო, რომ პუტინი "ძლიერ მიზანდასახულია".

"როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, მას ამის დამთავრება უნდა. მას არ სურს, დაასრულოს ის და შემდეგ ნახევარ წელიწადში ბრძოლას დაუბრუნდეს". - თქვა ტრამპმა: " და ვფიქრობ, ალბათ იმ ეტაპზე ვართ, რომ ახლო მომავალში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიოთ".

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრაში მონაწილეობას, ტრამპმა უპასუხა, რომ "ჯერ პირველი შეხვედრა ჩვენ გვექნება და შემდეგ ვნახავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მეორე შეხვედრის შესახებ".

დახმარებასთან დაკავშირებით მორიგ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ დახმარების გაგზავნას გააგრძელებს, მაგრამ "თანხა უნდა იყოს უზრუნველყოფილი". 

მან დაამატა, რომ წინა ადმინისტრაცია "უაზროდ" გზავნიდა ფულს უკრაინაში, ხოლო ამის ნაცვლად მისი ადმინისტრაცია აპირებს, თანხის დაბრუნების გარანტიები მიიღოს.

"ჩვენი ფული უზრუნველყოფილი იქნება. მათ ძვირფასი წიაღისეული აქვთ, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა, და ვითხოვთ, რომ ჩვენი ფული გარანტირებული იყოს". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ უკრაინელები ამაზე თანახმა არიან.

თეთრ სახლში ბრიფინგზე ტრამპმა ასევე უპასუხა რეპორტიორის კითხვას, თუ "როგორი იქნება უკრაინის საზღვრები ომის დამთავრების შემთხვევაში - იქნება თუ არა რუკა იმის მსგავსი, როგორიც 2014 წლამდე იყო?"

ტრამპის თქმით, ეს "ცხადია ნაკლებად სავარაუდო იქნება'. "მათ ბევრი ტერიტორია დაიკავეს და იბრძოლეს ამ ტერიტორიისთვის, და ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს". - თქვა ტრამპმა. 

თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დაამატა, რომ "ამ ტერიტორიების რაღაც ნაწილი დაუბრუნდება" უკრაინას.

12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასამთავრებლად?

ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიცავდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ხელახლა არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3.0".

ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა. 

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან  - ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის, გუნდურ დონეზე - ასევე უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დრონებზე და სხვა თანამედროვე ინდუსტრიებზე". - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ტრამპმა მას პუტინთან საუბრის დეტალები გაუზიარა.

კომენტარები