ესტონეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთს სამხედრო დრონების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებით ეხმარება.
დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია, რომ ჩინეთი დასავლური ნაწილების კონტრაბანდის კერად გადაიქცა და დრონების შესაქმნელად საჭირო კომპონენტების დაახლოებით 80% რუსეთში ჩინეთიდან ხვდება.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინულ ცნობებში ასევე საუბარია, რომ ბრძოლის ველზე რუსულ სამხედრო ტექნიკაში აღმოჩენილი უცხოური ნაწილების დაახლოებით 60% სწორედ ჩინეთიდან არის მოხვედრილი.
დოკუმენტში წერია, რომ ჩინეთი მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის წყაროა, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს გვერდი აუაროს დასავლურ სანქციებს.
"ჩინეთის ინტერესებშია, რომ არ დაუშვას რუსეთის დამარცხება უკრაინაში, რადგან ასეთი შედეგი აშშ-ს გამარჯვებად აღიქმება, რომელიც ჩინეთის მთავარი მეტოქეა". - განაცხადა სადაზვერვო უწყების გენერალურმა დირექტორმა, კაუპო როსინმა.
ესტონეთის დაზვერვის შეფასებით, ამ სქემებში, სავარაუდოდ, ჩინეთში არსებული დასავლური კომპანიების ოფისებია ჩართული.
"ჩინეთის მთავრობა ხელს უწყობს ორმაგი დანიშნულების კომპონენტების ფარულ გადაცემას კერძო კომპანიების მეშვეობით". - აღნიშნულია ანგარიშში.