თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სამუშაოები 14 თებერვლის 23:00 საათიდან დაიწყება და მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია.
კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.
"ისნის რაიონში დაიგეგმა აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება, რომლის ინფრასტრუქტურაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გამო, გზის საფარი ძალიან დაზიანებულია, ავტომანქანებით გადაადგილება ჭირს, ადგილობრივებს ექმნებათ დისკომფორტი. გასულ წლებში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, თუმცა მთლიანი ქუჩა სარეაბილიტაციოა. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება“ - თქვა კალაძემ.





