7 თებერვალს, ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მილიარდერი მოკავშირეს, ილონ მასკის გადაწყვეტილება, რომლებიც ცდილობდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაშლას. მოსამართლემ დროებით შეაჩერა ათასობით სააგენტოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების გეგმა.
მოსამართლე კარლ ნიკოლსმა, რომელიც თავად ტრამპის დანიშნულია, ასევე დაბლოკა განკარგულება, რომელიც ათასობით საზღვარგარეთ ადმინისტრაციული შვებულებაზე გაშვებულ USAID-ის თანამშრომელს მხოლოდ 30 დღეს აძლევდა მთავრობის ხარჯზე აშშ-ში ოჯახების დასაბრუნებლად.
მოსამართლის თქმით, ორივე ეს ქმედება USAID-ის თანამშრომლებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს უსაფუძვლო და არასამართლიან რისკსა და ფინანსურ ტვირთს შეუქმნიდა.
მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მომუშავე თანამშრომლების ცნობების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოსა და მის საერთაშორისო პროგრამების სწრაფად დახურვის მცდელობისას ზოგ თანამშრომელს მთავრობის ელექტრონულ ფოსტაზე და კომუნიკაციის სხვა სისტემებზე წვდომა შეუზღუდა. ეს საშუალებები მათ აშშ-ს ხელისუფლებასთან დაკავშირებისთვის სჭირდებოდათ ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების გადაუდებელი შემთხვევების დროს.
„ადმინისტრაციული შვებულება სირიაში იგივე არ არის, რაც ადმინისტრაციული შვებულება ბეთესდაში“ - განაცხადა მოსამართლემ.
კარლ ნიკოლასმა, USAID-ის საზღვარგარეთ მომუშავე თანამშრომლებისთვის 30-დღიანი ვადის შეჩერებისას, აღნიშნა სააგენტოს თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდნენ და აშშ-ში აღარ ჰქონდათ საცხოვრებელი, ასევე იმ ოჯახების, რომლებსაც წლის შუაგულში სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლიდან გამოყვანა მოუწევდათ და სხვა სირთულეებს აწყდებოდნენ.
მოსამართლემ ასევე დაავალა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკვე შვებულებაში გაშვებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში ხელახლა დაენიშნათ.
7 თებერვლის განაჩენი ტრამპის ადმინისტრაციის გეგმებისთვის კიდევ ერთი დარტყმაა, რომელიც სასამართლოებში მიიღეს. მოსამართლეებმა დროებით შეაჩერეს ადმინისტრაციის მიერ მიღებული კიდევ ორი გადაწყვეტილება. კერძოდ, ფედერალური თანამშრომლებისთვის ფინანსური ანაზღაურების შეთავაზება, სამსახურის დატოვების სანაცვლოდ, ხოლო მეორე გადაწყვეტილება აშშ-ში არალეგალურად მყოფი პირების შვილებისთვის მოქალაქეობის გაცემის შეწყვეტას ისახავდა მიზნად.
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.
-
"USAID-ს შეშლილი რადიკალები მართავდნენ" – რას ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია?
-
რა პროგრამებს მოიცავს USAID-ის დახმარება, რომლის "კიდევ დიდი ხნით გაჩერება" სურს კობახიძეს
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.
ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.
სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".