უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიგას თქმით, უკრაინას შეუძლია საკუთარ მიწისქვეშა სათავსოებში ამერიკული თხევადი აირი შეინახოს, რათა გაძლიერდეს აშშ-სა და უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობა და გაუმჯობესდეს ევროპის ენერგოუსაფრთხოება.
"უკრაინას გაზის ძლიერი მიწისქვეშა სათავსოები აქვს და ამ სფეროში ჩვენ პოტენციალი გვაქვს ახლო, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის". - თქვა სიბიგამ ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სიბიგას განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებდა, თუ უკრაინა სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულზე მისცემდა წვდომას. სიბიგამ თქვა, რომ ამასთან ერთად, ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტი იქნებოდა.
"საერთო ინტერესების სპექტრი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა მხოლოდ ამ რესურსებით არ შემოიფარგლება. მაგალითისთვის, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს - განსაკუთრებით, უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შემდეგ - შესაძლებლობაში, შევიძინოთ თხევადი ბუნებრივი აირი აშშ-სგან". - დაამატა სიბიგამ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება არამხოლოდ ამერიკულ ბიზნესებს აძლევს საშუალებას გაზის ტრანსპორტირების უკრაინულ სისტემაში ინვესტირებისთვის, არამედ კიევსაც აძლევს შანსს, გახდეს ენერგოუსაფრთხოების გარანტორი ევროპაში.
"ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკურად მომგებიანი პარტნიორობა, ეს ასევე არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს გააძლიერებს და გახდის უკრაინას ენერგოუსაფრთხოების საკვანძო ჰაბს მთელ რეგიონში". - თქვა სიბიგამ.





