ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციათა პაკეტის ფარგლებში რუსული ალუმინის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს SWIFT საბანკო სისტემიდან 15 ბანკის ჩამოშორებას. პაკეტში გაწერილი კონკრეტული ზომების სამიზნე იქნება 70 ე.წ. shadow-fleet ტანკერიც, რომლებიც რუსული ნავთობის კონტრაბანდულ ტრანზიტში არიან ჩართულნი.
ამასთან, სანქციათა პაკეტი ევროპელ მყიდველებს საშუალებას მისცემს, რუსული ლითონი ერთ წელზე გათვლილი კვოტის სისტემის ფარგლებში შეისყიდონ მანამ, სანამ იმპორტის სრული აკრძალვა შევა ძალაში. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა საკანონმდებლო აქტის შემთხვევაში, სანქციათა გაფართოებული პაკეტის დამტკიცებასაც ბლოკის ყოველი წევრის თანხმობა დასჭირდება.
როგორც Bloomberg წერს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ევროკავშირის მიმართ ხშირად გახმოვანებულა მოწოდებები რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვისკენ. შედეგად, ბლოკში ამ საქონელის რუსული იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან მწარმოებლებმა ალტერნატიული მიმწოდებლების ძიება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა დღემდე უწევდა წინააღმდეგობას ამგვარს ზომებს იმ არგუმენტით, რომ ზოგიერთი რუსული საქონელის სრულად ჩანაცვლება რთული იქნებოდა.
ბოლო მონაცემებით, 2024 წლის პირველ 11 თვეში ევროკავშირმა რუსეთისგან 320,000 ტონა ალუმინი იყიდა, რამაც ბლოკში ალუმინის ჯამური იმპორტის მხოლოდ 6% შეადგინა. პარალელურად, რუსული ალუმინის იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთში.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსული ლითონების სექტორზე უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. გასულ წელს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ ლონდონის მეტალის ბირჟაზე რუსული ლითონებით ვაჭრობა აკრძალა.
ცნობისთვის, 27 იანვარს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართომასშტაბიანი სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა, მას შემდეგ რაც უნგრეთმა ამ პროცესის შეფერხება შეწყვიტა. თავდაპირველად, სანქციების გაგრძელებას უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ ისიც დათანხმდა და ამის მიზეზად "ევროკავშირისგან მიღებული ენერგოუსაფრთხოების გარანტიები" დაასახელა.





