გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ კვირაში აშშ-ს არმიამ დაახლოებით 90 Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტა ისრაელში არსებული საწყობებიდან პოლონეთში გაგზავნა, რათა უკრაინას მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას საკითხზე ინფორმირებულმა სამმა წყარომ მიაწოდა.
ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში ისრაელის საჰაერო ძალებმა ოფიციალურად ჩამოწერა, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც ამერიკამ ისრაელს 1990-91 წლების სპარსეთის ყურის ომის დროს გადასცა. ჩამოწერის მიზეზი ისრაელის მიერ უფრო განვითარებული საჰაერო თავდაცვითი სისტემების შექმნა გახდა, რის შემდეგაც Patriot-ის ბატარეებს მხოლოდ საწვრთნელად იყენებდნენ ან საწყობებში ათავსებდნენ.
გამოცემა Axios-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მხრიდან სისტემების ჩამოწერის შემდეგ, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-სა და ისრაელთან მოლაპარაკებები დაიწყეს, რათა ისრაელს Patriot-ის რაკეტები შესაკეთებლად აშშ-სთვის გადაეცა, ხოლო შემდგომ ამერიკას ისინი უკრაინაში გაეგზავნა.
გამოცემის ცნობით, თვეების მანძილზე ისრაელი უარს ამბობდა ამ იდეაზე იმის შიშით, რომ რუსეთი პასუხად ირანს უფრო მაღალგანვითარებულ შეიარაღებას მიაწვდიდა. უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ საკითხზე სატელეფონო საუბრების გამართვაზეც უარს ამბობდა. თუმცა, მაღალჩინოსნების ცნობით, ნეთანიაჰუ ამაზე სექტემბრის ბოლოს დათანხმდა.
Axios-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარი სურდა, რათა ყოველწლიურად ულტრაორთოდოქსი ისრაელელების უკრაინის ქალაქ უმანში მომლოცველად ჩასვლასთან დაკავშირებით მისი ნებართვა აეღო.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ზელენსკი უარს ამბობდა ნეთანიაჰუსთან ზარზე, სანამ ისრაელი Patriot-ის შეთანხმებაზე არ დათანხმდა.
თუმცა, ნეთანიაჰუს სპიკერმა Axios-ს უთხრა, რომ ისრაელი არ იყო Patriot-ის სისტემების ჩამოწერისა და მათი აშშ-სთვის გადაცემის წინააღმდეგი. მან ასევე უარყო მომლოცველობის საკითხსა და Patriot-ის რაკეტების გადაცემასთან რაიმენაირი კავშირი.
Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის თქმით, ისრაელელმა მაღალჩინოსანმა მას განუცხადა, რომ ისრაელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსეთს წინასწარ აცნობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი "Patriot-ის სისტემას მხოლოდ აშშ-ს უბრუნებდა" და რომ უკრაინას შეიარაღებას არ აწვდიდა.
აშშ-ს მიერ ისრაელიდან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემაზე ცნობების გავრცელებამდე აშშ-ს საჰაერო ძალების C-17 ტიპის თვითმფრინავები სამხრეთ ისრაელში ავიაბაზაზე ჩაფრინდნენ, საიდანაც პოლონეთში, ჟეშუვისკენ გაემგზავრნენ, რაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ჰაბად ითვლება. Axios-ის ცნობით, თვითმფრინავებს უკრაინისთვის განკუთვნილი 90-მდე Patriot-ის რაკეტა გადაჰქონდათ.





