26 იანვრის ღამეს, რუსეთში, რიაზანის ოლქის ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს, რუსულმა მხარემ 8 დრონის ჩამოგდება მოახერხა.
ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით თავდაპირველად რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა. მომხდარს ასევე რიაზანის ოლქის გუბერნატორი, პაველ მალკოვი გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე, დიათკოვოს სოფლის მიმდებარედ მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჯამში ათი აფეთქება გაისმა. ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს აფეთქებების მომენტი და ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
გუბერნატორი მალკოვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები გაანადგურეს, ხოლო წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.





