თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ, აქციაზე დაკავებული 29 წლის არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. მას რეჟიმი პარლამენტთან დამონტაჟებული კამერების დაზიანებას ედავება.
დაცვის მხარემ მუსელიანცის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"რაც შეეხება აქციებს, არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ არის, გინდ საპროცესო, გინდ ადმინისტრაციული, გინდ სისხლის სამართლის. აქედან გამომდინარე, მე ეჭვი და ვარაუდი მაქვს, რომ რასაც ზემოდან დაავალებენ ისე მოქმედებს სასამართლო.
არ ვაპირებ არანაირ თანამშრომლობას რეჟიმთან, რეჟიმის პროკურატურასთან, უწყებებთან, რაც გინდათ ის გიქნიათ, მეტს ვერაფერს ვერ მიზამთ, ჩაკეტილი ვარ. კიდევ კარგი, დახვრეტა არ არის". - მიმართა მოსამართლეს მუსელიანცმა.
როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მუსელიანცს "გარიგებას სთავაზობდნენ - თუ რომელიმე პოლიტიკოსს ხელს დაადებდა, ვინც, ასე ვთქვათ, მათი მოთხოვნით, თანხას უხდიდა, ამ შემთხვევაში, შეიძლებოდა, რომ გაეშვათ".
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს ჯერ ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს. მოგვიანებით კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გადაუკვალიფიცირეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რუსული რეჟიმი
რეჟიმის სასამართლომ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა





