ტრამპი-რუსეთი

რუსეთმა ტრამპი გააფრთხილა, რომ პანამის არხი ძალით არ ჩაიგდოს ხელში

ლიბერიული ბალკერი NSU Challenger პანამის არხში, 19 აპრილი, 2023
REUTERS/Aris Martinez

21 იანვარს რუსეთმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ პანამის არხი ძალით არ ჩაიგდოს ხელში. მანამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პანამის არხს "უკან დაიბრუნებს", რადგან, მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.

"ამერიკულ გემებს მძიმედ ზედმეტს ახდევინებენ და სამართლიანად არ ეპყრობიან არანაირი გზით, ფორმითა და კუთხით, და ეს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებსაც მოიცავს". თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ".

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრ შჩეტინინის თქმით, რუსეთი "მოელის, რომ პანამისა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს შორის პანამის არხზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებით მოსალოდნელი დისკუსიების დროს, რაც მათი ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებშია, მხარეები ამ მნიშვნელოვანი საზღვაო გზის ამჟამინდელ საერთაშორისო კანონიერ რეჟიმს პატივს სცემენ".

შჩეტინინი ამბობს, რომ რუსეთი ერთგული რჩება ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის სავაჭრო გზის ნეიტრალიტეტის მიმართ. მისი თქმით, რუსეთი ამერიკისა და პანამის მხრიდან მოელის, რომ მხარეები შეთანხმებას პატივს სცემენ.

არხს თავად პანამა აკონტროლებს, თუმცა ჰონგ-კონგური კომპანია Hutchison Ports PPC არხის ორივე მხარეს არსებულ ორ პორტს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ Hutchison და მისი მშობელი კომპანია CK Hutchison Holdings ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში არ არიან, ისინი ექვემდებარებიან ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში 2020 წელს შემოიღო.

ტრამპის განცხადებას მალევე პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო გამოეხმაურა და დაწერა, რომ "პანამის რესპუბლიკისა და მისი ხალხის სახელით სრულად უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს".

"ვიმეორებ იმას, რაც ჩემი გზავნილის დროს ვთქვი 22 დეკემბერს: არხი არის და დარჩება პანამის საკუთრებაში და მისი მართვა პანამის კონტროლქვეშ გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს მისი მუდმივი ნეიტრალიტეტის პატივისცემას" - დაწერა მულინომ. 

აშშ-მ პანამის არხი 1904-1914 წლებში ააშენა მას შემდეგ, რაც 1903 წელს პანამას კოლუმბიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა. პანამასთან დადებული შეთანხმებით, არხის ზონა შეიქმნა, რომელიც აშშ-ს კონტროლქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ პანამის რესპუბლიკისთვის არხის გადაცემის გადაწყვეტილება აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მიიღო.

1977 წელს ხელმოწერილი ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით, არხის პანამის კონტროლქვეშ გადასვლის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო და 1999 წლის 31 დეკემბერს სრულად გადაცემით დასრულდა.

შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, კარტერის პოზიცია იყო, რომ არხის გადაცემა პანამის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო. ამასთანავე, ტორიხოს-კარტერის შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს აქვს უფლება, არხის მართვაში ჩაერიოს, თუკი მისი ნეიტრალიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კომენტარები