რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰალა-აჰო მსოფლიო ომზე: თუ არ ვიცით, ვართ თუ არა ომში, ჯობია, ვივარაუდოთ, რომ ვართ

Toni Määttä / Yle

ფინეთის პარლამენტის სპიკერი, იუში ჰალა-აჰო ამბობს, რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, მაგრამ მიხვედრა რთულია, "რადგან ამდენად ვცდილობთ, რომ თავი ავარიდოთ". 

ჰალა-აჰოს თქმით, ფაქტების უგულებელყოფა უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს. როგორც ფინეთის პარლამენტის სპიკერი განმარტავს, ვარაუდი, რომ ომი დაიწყება, ყოველთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან ომისთვის წინასწარ მომზადება მის ალბათობას ამცირებს. 

"თუ არ ვიცით, ვართ თუ არა ომში, ყოველთვის ჯობია, ვივარაუდოთ, რომ ვართ. [...] ვფიქრობ, რომ ყველაზე უსაფრთხოა, ვივარაუდოთ, რომ ომი მომავალში იქნება. ეს ვარაუდი მომზადებას გვაიძულებს და მომზადება ომის ალბათობას ამცირებს". - თქვა ჰალა-აჰომ. 

ჰალა-აჰომ ასევე თქვა, რომ თანამედროვეობაში მეორე მსოფლიო ომის დაწყება იმდროინდელი ხედვისგან განსხვავებულად აღიქმება.

ფინეთის პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ უკრაინის დახმარება და მხარდაჭერა ფინეთის პოლიტიკისთვის უფრო  პრიორიტეტული უნდა იყოს. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. 

ჰალა-აჰო ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვება სხვა სახელმწიფოებს გაუგზავნის გზავნილს, რომ იმპერიალისტური წამოწყებების დაწყება და მათთვის საფასურის გადახდა ღირს, რადგან დასავლეთს საბოლოოდ ეკონომიკური და მატერიალური შესაძლებლობები ამოეწურება. 

"მე პირადად უდიდეს საფრთხეს იმაში ვხედავ, რუსეთი ამ ომს თუ არ წააგებს ან ამ ომით თავის რომელიმე მიზანს თუ მიაღწევს. [...] თუ გავაკეთებთ განცხადებებს, რომლებშიც მივიღებთ იდეას, რომ რუსეთმა შესაძლოა ამ ომის სანაცვლოდ რაიმე ჯილდო მიიღოს, რუსული ყურისთვის ეს მხოლოდ მოლაპარაკებების საწყის წერტილად იქნება აღქმული". - თქვა ჰალა-აჰომ. 

კომენტარები