აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კვირას, ინაუგურაციამდე ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მალე პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე არსებულ მასალებს გაასაჯაროვებს.
"მალე, ჩვენ გავასაჯაროვებთ პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სხვა საკითხების დარჩენილ მასალებს" – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა პრეზიდენტ ჯონ კენედის საქმის მასალების გასაჯაროვების შესახებ დაპირება საარჩევნო კამპანიის დროსაც გააკეთა.
ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე დოკუმენტები აშშ-ს მთავრობამ 2017 და 2021 წელსაც გაასაჯაროვა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტექსასის შტატში მოკლეს. ლი ჰარვი ოსვალდი მკვლელობიდან 90 წუთში დააკავეს, თუმცა, ეს საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასახსნელ საქმედ არის მიჩნეული. კითხვები სწორედ ოსვალდის მკვლელობამ გააჩინა.
კენედის მკვლელობის საქმის მასალების გასაიდუმლოების გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა სპეციალური განკარგულებით, 1992 წელს მიიღო. მასში ნათქვამი იყო, რომ არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ, 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.
სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი, მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი 1968 წლის 4 აპრილს ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა, ჯეიმს ერლ გრეიმ სნაიპერით მოკლა, როდესაც კინგი სასტუმროს აივანზე სიგარეტს ეწეოდა.