Starship-ის სატესტო ფრენა

Starship-ის სატესტო ფრენის დროს ბუსტერი წარმატებით დაიჭირეს, თუმცა რაკეტა ორბიტაზე დაიშალა

ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა Starship-ის მეშვიდე სატესტო ფრენის დროს წარმატებით დაიჭირა რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც დაახლოებით 20-სართულიანი შენობის (71 მეტრი) სიმაღლეა.

თუმცა, თავად Starship-ის რაკეტა, რომელმაც ორბიტაზე ფრენა გააგრძელა, გაშვებიდან რამდენიმე წუთში დაიშალა, რის გამოც მექსიკის ყურის თავზე ფრენებს მიმართულების შეცვლა მოუწია, რათა რაკეტის ჩამოვარდნილი ნაწილებისგან თავი აერიდებინათ.

SpaceX-ის მისიების მართვის გუნდმა ახლად გაუმჯობესებულ Starship-თან, რომელზეც იმიტირებული სატელიტების ტვირთი იყო, კავშირი გაშვებიდან 8 წუთში დაკარგა. რაკეტაში ეკიპაჟის წევრები არ იმყოფებოდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ მიფრინავს რაკეტის ნარჩენები დედამიწის ორბიტაზე:

 SpaceX-მა მალევე X-ზე დაწერა, რომ "Starship-მა სწრაფი დაუგეგმავი დაშლა" განიცადა და დაამატა, რომ "მსგავსი სატესტო ფრენებით, წარმატება მოდის იქიდან, რასაც ვისწავლით და დღევანდელი ფრენა დაგვეხმარება Starship-ის სანდოობის გაუმჯობესებაში".

სატესტო ფრენას ილონ მასკიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ხომალდის ძრავის თბოდამცველთან საწვავმა გაჟონა. მასკის თქმით, "ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს, რომ მომდევნო გაფრენა შემდგომი თვის იქით გადაიდო".

FlightRadar24-ის მონაცემების მიხედვით, შემთხვევის გამო ათეულობით კომერციული ავიარეისი გადამისამართდა ან კურსი იცვალა, რათა პოტენციური რაკეტის ჩამოვარდნილი ნაწილებისგან თავი აერიდებინა.

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA), რომელიც მსგავს ფრენებს არეგულირებს, განაცხადა, რომ თვითმფრინავები დროებით შეანელეს ან გადაამისამართეს იმ სივრციდან, სადაც რაკეტის ნაწილები ვარდებოდა.

ზოგადად, კოსმოსური ფრენებისთვის და რაკეტების უკან დაბრუნებისთვის FAA რეგულარულად ხურავს საჰაერო სივრცეს, თუმცა,  იმ შემთხვევაში, თუ კოსმოსურ ხომალდს ანომალია აღნიშნული სივრცის მიღმა შეექმნება, FAA-ს ასევე შეუძლია სპეციალური ზონა გამოყოს, სადაც თვითმფრინავები შესვლას ვერ შეძლებენ.

კომენტარები