რუსეთის ქალაქ პოკროვში №2 გამოსასწორებელი კოლონია იხურება, რომელშიც სასჯელს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იხდიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა Чеснок ვლადიმირის ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მართველობაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გამოსასწორებელი კოლონიის ლიკვიდაციის პროცესი უკვე დაწყებულია და დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება.
კოლონიის ყველაზე ცნობილი პატიმარი ალექსეი ნავალნია, რომელიც კოლონიის ტერიტორიაზე 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე იმყოფებოდა.
კოლონიაში ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. პოლიტიკოსმა იმის გამო, რომ მას არ მიეწოდებოდა საჭირო სამედიცინო დახმარება და მის მკურნალ ექიმს არ აძლევდნენ მასთან შესვლის უფლებას პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
ნავალნის კოლონიის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ასევე შეტანილი ჰქონდა სარჩელი. მისი თქმით, კოლონიაში შექმნილი იყო "ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი". ნავალნი ასევე ამბობდა, რომ მსჯავრდებულთა 20%-ს ტუბერკულოზით იყო დაავადებული.
ქალაქ პოკროვის №2 გამოსასწორებელი კოლონია არის ზოგადი რეჟიმის საერთო დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულებს პირველად თავისუფლების აღკვეთის მიზნით აგზავნიან. საერთო ჯამში, მასში შეიძლება მოთავსდეს 971 პატიმარი. პატიმრებს 16 რაზმად ყოფენ: მათგამ 10 ჩვეულებრივი პირობების, 1 შემსუბუქებული პირობების, 2 მკაცრი რეჟიმის, 1 მოძრაობის უფლების კონვოის გარეშე და 2 კარანტინისთვის.
კოლონიის ლიკვიდაციისას პატიმრებს რეგიონის სხვა გამოსასწორებელ დაწესებულებებში გადაიყვანენ. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მართვის ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ რა მიზნით გამოიყენება კოლონიის ტერიტორია და შენობები მომავალში ჯერჯერობით მიღებული არ არის.