რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინაში ომის დამთავრებას თვეები დასჭირდება

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
REUTERS/Brendan McDermid

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები ამჯერად აღიარებენ, რომ უკრაინაში ომის დამთავრებას თვეები ან შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, რაც წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით შეცვლილი დამოკიდებულებაა, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ ომს თანამდებობის დაკავებიდან პირველივე დღეში დაამთავრებდა.

Reuters-ს ტრამპთან დაახლოებულმა ორმა პირმა, რომლებმაც ტრამპთან უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, განუცხადა, რომ კონფლიქტის გადასაჭრელად ისინი რამდენიმეთვიან დროის ჩარჩოს განიხილავენ.

მათი თქმით, ომის პირველ დღესვე დამთავრების დაპირება, ერთი მხრივ, წინასაარჩევნო ხმამაღალი ლაპარაკისა და, მეორე მხრივ, კონფლიქტის მართვის სირთულისა და ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტებისთვის საჭირო დროის სათანადოდ ვერ დაფასებით იყო გამოწვეული.

ეს შეფასებები თანხვედრაშია რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან, რომელმაც Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას სურს, ომის "მოგვარების" გზა პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში იპოვოს.

თუმცა, უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯონ ჰერბსტის თქმით, კელოგის მიერ გახანგრძლივებული ვადაც "ძალზე მეტად ოპტიმისტურია".

"ამან რომ იმუშაოს, ტრამპმა პუტინი უნდა დაარწმუნოს, რომ უკომპრომისოდ ყოფნას უარყოფითი მხარეები აქვს". - დაამატა მან.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ იგი უკრაინასა და რუსეთს შორის ომს თანამდებობის დაკავებიდან პირველივე დღესვე დაამთავრებდა. თუმცა ოქტომბრის ბოლოდან, მან რიტორიკა ოდნავ შეცვალა და ამბობდა, რომ ომს "ძალიან სწრაფად" დაამთავრებდა.  

ხოლო არჩევნების შემდეგ ტრამპმა პოზიცია კიდევ უფრო შეიცვალა და ახლა უბრალოდ ამბობს, რომ კონფლიქტს "მოაგვარებს", დროის დაკონკრეტების გარეშე. ამასთანავე, მან თქვა, რომ უკრაინის ომის დამთავრება უფრო რთული იქნება, ვიდრე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა.

"მე ვფიქრობ, სინამდვილეში, უფრო რთული [მოსაგვარებელი] რუსეთ-უკრაინის სიტუაცია იქნება". - თქვა ტრამპმა დეკემბერში პრესკონფერენციაზე ღაზასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

კომენტარები