რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Bloomberg: ევროკავშირი რუსული თხევადი გაზისა და ალუმინის ეტაპობრივ აკრძალვას განიხილავს

თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი
Mark Felix/Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირში განიხილავენ, რომ საიმპორტო შეზღუდვები დააწესონ რუსულ ალუმინზე, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვა ეტაპობრივად შეწყვიტონ. აღნიშნულ საკითხზე გამოცემას საკითხზე ინფორმირებული პირები ესაუბრნენ.

Bloomberg-ის მიხედვით, ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი სამომავლო ზომები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის ნაწილი იქნება, მოსკოვის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" დამატებით ათეულობით გემზე შეზღუდვებსა და საექსპორტო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს ისეთ პროდუქტებზე, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.

წყაროების თქმით, ალუმინზე შეზღუდვები თანდათანობით დაწესდება დროის გარკვეულ პერიოდში, რომელიც ჯერ განსაზღვრული არ არის. მეორე მხრივ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის შეწყვეტა შესაძლოა, სანქციების ფარგლებში მოხდეს ან უფრო ხანგრძლივი გეგმის ნაწილი იყოს. მანამდე, ალუმინზე შეზღუდვების დაწესების გარშემო არსებულ დისკუსიაზე ცნობები Reuters-მა გაავრცელა.

მიმდინარე საუბრებზე ინფორმირებული მაღალჩინოსნებისა და დიპლომატების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას ითხოვდა, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, სანქციების მეშვეობით მოხდება ეს თუ - რეგულაციების.

მაღალჩინოსნების თქმით, რუსული გაზსადენის დასანქცირება ვერ მოხდება, რადგან ქვეყნების ნაწილი, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, ჯერ კიდევ დამოკიდებულები არიან რუსული გაზის მომწოდებელ Gazprom-ზე.

შესაბამისად, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა უფრო შესაძლებელია, რადგან არ არის მოსალოდნელი, რომ ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი, რომლებიც თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან, რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს შეეწინააღმდეგებიან. აღსანიშნავია, რომ 2024-ში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

ამასთანავე, ევროკავშირში განიხილავენ წინადადებებს, რომ სანქციები გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში მდებარე კომპანიებზეც, მათ შორის ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლებიც რუსეთს საბრძოლო მასალებში გამოყენებული ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებიან. ევროკავშირში შეზღუდვების დაწესებას ფიქრობენ რუსულ სატრანსპორტო სექტორზეც.

ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტის პარალელურად, ევროკავშირი აპირებს, დახუროს ის გზები, რასაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებს და შემოიღოს უფრო მაღალი ტარიფები რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სასუქზე.

კომენტარები