რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Bloomberg: ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ტრამპი უკრაინას არ მიატოვებს

გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის მხრივ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო პოლიტიკის მიმართ ზომიერად ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ფიქრობენ, რომ ტრამპი უკრაინას არ მიატოვებს.

Bloomberg-ის თანახმად, ევროპაში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები ტრამპის გუნდთან პირადი საუბრების შემდეგ ფიქრობენ, რომ აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი კიევს რუსეთთან ნაადრევი მოლაპარაკებების წარმოებას არ აიძულებს.  

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ევროპელი მაღალჩინოსნებისა და ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს შორის დისკუსიის საფუძველზე სავარაუდოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მომდევნო ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინას პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება.

 

როგორც Bloomberg წერს, ევროპული ქვეყნების ლიდერები უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ახლო მომავალში გარიგება შედგება, რომლითაც ომის დასრულება იქნება შესაძლებელი. გამოცემის მიხედვით, ევროპის ქვეყნები იმედოვნებენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაფართოება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ზრდა მოსკოვს მოლაპარაკებებზე დათანხმებას აიძულებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, მხარეები იაზრებენ, რომ ომის დასასრულებლად კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების რაღაც ფორმით გარანტირება აუცილებელია, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში აშშ-ს ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე დებატში შეიძლება გადაიზარდოს.

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა Bloomberg-თან საუბრისას თქვეს, რომ NATO-ში უკრაინის წევრობის მოთხოვნას, სავარაუდოდ, ტრამპი არ დაეთანხმება, მაგრამ ევროპელებს მოლაპარაკებების მაგიდაზე ამ მოთხოვნის შენარჩუნება სურთ.

Bloomberg-ის მიხედვით, წყაროებმა თქვეს, რომ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებისთვის ორი არგუმენტი აღმოჩნდა დამაჯერებელი - ის, რომ უკრაინის მიტოვება ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთიდან გამოსვლის მსგავსად ტრამპის რეპუტაციას შელახავდა და ის, რომ რუსეთის ასეთი გამარჯვება ჩინეთის მხრიდან აგრესიული ნაბიჯების გადადგმას წაახალისებდა.

თუმცა, დისკუსიებში მონაწილე პირებმა გამოცემასთან საუბრისას თქვეს, რომ ზუსტად ცნობილი არ არის, რას მოიქმედებს მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ რჩევებს არ ითვალისწინებს.

ევროპელმა და უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა Bloomberg-თან საუბრისას თქვეს, რომ ტრამპის გუნდში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს და მომავალ ადმინისტრაციას ჯერჯერობით განსაზღვრული, ზუსტი გეგმა არ აქვს.

კომენტარები