გასულ დღეებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი ნეონაცისტური რუსიჩის ჯგუფი და სახელმწიფო დუმის პუტინისტი დეპუტატი, რუსეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (НОД) მეთაური, ევგენი ფიოდოროვი ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებდნენ.
უთანხმოება დაიწყო 8 იანვარს, მას შემდეგ, რაც რუსიჩის ტელეგრამ-არხზე ფიოდოროვის სიტყვებზე კომენტარი გააკეთეს.
აქამდე ფიოდოროვი საუბრობდა რუსი ულტრანაციონალისტების საფრთხეზე.
"მოდი სამართლიანად ვთქვათ ყველაფერი, თავისი სახელით: რუსული სახელმწიფოებრიობა ჩანასახში არის მრავალნაციონალური და მრავალეთნიკური. ამიტომ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ეთნიკურ განხეთქილებას ამ სახელმწიფოში, სახელმწიფოს შენების პრინციპის მტრები არიან. თუ ისინი გაიმარჯვებენ, სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს." - ამბობდა ფიოდოროვი.
რუსი დეპუტატის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მსგავს ხალხს მუდამ ებრძოდა და ეს ბრძოლა "რატომღაც ახლა შესუსტდა", რაც, მისივე მტკიცებით, "შეთქმულების ნაწილია". მან დაამატა, რომ მათ "საუკეთესო შემთხვევაში დაიჭერენ, სისხლიანი მოვლენების შემთხვევაში კი ყველას ცოფიანი ძაღლებივით დახვრეტენ".
8 იანვარს ეს სიტყვები რუსიჩის ტელეგრამ არხზე გაავრცელეს და ფიოდოროვს, ფაქტობრივად, სიკვდილით დაემუქრნენ. აქვე დაჯგუფება აღნიშნავდა, რომ მისი მკვლელობის შემთხვევაში, სასჯელი ფრონტზე გაგზავნაზე უარესი ვერ იქნებოდა.
"შეხედეთ, როგორ დაუწყია ყივილი ბო*ის შვილს. რუსმა ნაციონალისტებმა შეიძლება თავად აკუწონ ძაღლივით და მათ არაფერი (მოუვათ ფრონტზე უფრო შორს ვერ გაგზავნიან, ოცეულზე ნაკლებს ვერ მოგცემენ)." - წერდნენ რუსიჩის ტელეგრამ არხზე.
ფიოდოროვმა საპასუხო კომენტარი რუსულ მედია Daily Storm-თან საუბარში გააკეთა.
"ეს სიტყვები აჩვენებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად მართლები ვართ: ეს არის საყრდენი წერტილი, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანას უვნებელყოფენ. აშშ-ში ჩვენი მოწინააღმდეგეები აუცილებლად ეცდებიან რუსეთში მაიდნის წახალისებას სხვადასხვა ეროვნებებს შორის ეთნიკური სიძულვილის პრინციპებზე დაყრდნობით. როგორც ეს კიევში მოხდა. ეს პროცესი თავიდან უნდა იყოს აცილებული, როგორც ეს, პრინციპში, წინა პერიოდებში იყო აღკვეთილი." - თქვა ფიოდოროვმა.
პუტინისტმა დეპუტატმა არ უპასუხა მედიის შეკითხვას, მიმართავდა თუ არა სამართალდამცველ უწყებებს რუსიჩის მუქარასთან დაკავშირებით. მას სურს, რომ ჯერ გაიგოს, ვინ დგას ამ სიტყვების უკან.
"დიდი ალბათობით, ეს იქნება ვიღაც კონკრეტული ადამიანი ფაშისტური იდეოლოგიით, რომელსაც არ მოსწონს, რომ ჩვენ ველით და გვესმის მოვლენათა მომავალი დინამიკა. ადამიანი, რომელიც სწორედ ჩვენი მტრების მხარესაა. ვნახოთ." - თქვა ფიოდოროვმა.
რუსიჩი დეპუტატის სიტყვებს ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მას ამჯერად "მდორე" ტონი დაუწუნეს.
"რატომ ასე მდორედ? და რატომ გვარის გარეშე?" - ეწერა რუსიჩის გვერდზე 10 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში.
ევგენი ფიოდოროვი, რომელიც მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატია, უძღვება რუსეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს არის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ჯგუფი, რომელიც ავრცელებს სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-სთან მიმართებაში. მოძრაობის იდეოლოგიაში ვლადიმირ პუტინს ფაქტობრივად მესიანისტური როლი უკავია.
აღსანიშნავია, რომ ფიოდოროვთან დაპირისპირებამდე რუს ულტრანაციონალისტებში დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგან რუსიჩის მეთაურს, ალექსეი მილჩაკოვს, ზედმეტსახელად სერბს, რომელიც წარსულში საკუთარ თავს ღიად ეძახდა ნაცისტს.
ჩეჩნებისა და კადიროველების მრავალხნიანი კრიტიკის მიუხედავად, მილჩაკოვი 6 იანვარს რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაურსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილეს, აპტი ალაუდინოვს შეხვდა. ალაუდინოვი გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ ისაუბრეს თუ რა სახის ნაციონალისტი იყო მილჩაკოვი და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ აქვთ საერთო ქვეყანა, საერთო მტერი და საერთო ინტერესები. რუსიჩის მეთაურმა ამავე ვიდეოში თქვა, რომ ალაუდინოვთან "საერთო ენა" გამონახეს და მომავალში ითანამშრომლებენ. მილჩაკოვი ირწმუნებოდა, რომ კადიროველების სპეცრაზმის მეთაურთან შიშისა და ზეწოლის გამო არ მისულა. რუსი ულტრანაციონალისტების მხრიდან კრიტიკის შემდეგ რუსიჩის მეთაურმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ საკუთარი გადასაწყვეტია ვის შეხვდება და "მეგობრობის გამოწვდილ ხელზე" უარი "თვითგანდიდების გრძნობების" გამო არ უნდა ითქვას. ვრცლად - კადიროველებისა და რუსი ნეონაცისტების შერიგება – ალაუდინოვი რუსიჩის მეთაურს შეხვდა.