გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ 10 იანვარს აშშ-მ რუსეთის ენერგოსექტორისა და რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები გამოაცხადა, სულ მცირე, 65-მა ნავთობის ტანკერმა ღუზა ჩაუშვა, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის სანაპიროებთან.
Reuters-ის ანალიზის მიხედვით, რომელიც MarineTraffic-ისა და LSEG-ის გემების სამეთვალყურეო მონაცემებს ეყრდნობა, 65-დან ხუთი ტანკერი ჩინეთის პორტებთან, კიდევ შვიდი კი სინგაპურთან გაჩერდა.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციების სამიზნე 180-ზე მეტი ხომალდი, ათეულობით Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის მოვაჭრე და გემების სადაზღვევო კომპანიები არიან.
"აშშ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი და უკანონო ომის დასაფინანსებლად შემოსავლის მთავარი წყაროს წინააღმდეგ". - განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.
აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 180-ზე მეტ გემს შეეხო, რომელსაც რუსეთი ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებდა. ამასთანავე, სანქციებით შავ სიაში შედის ორი უმთავრესი ნავთობის მწარმოებელი რუსული კომპანია, Gazprom Neft და Surgutneftegas, და ასევე მათი შვილობილი კომპანიები.
მონაცემების ანალიზმა აჩვენა, ტანკერები გაჩერდა ირანის პორტების სიახლოვეს და სუეცის არხთანაც. ამას გარდა, აშშ-ს მხრიდან ახალი სანქციების გამოცხადებამდე, შანტუნგის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა.
კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან, სანქცირებულ ტანკერებს შანტუნგის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ. შანტუნგი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრია.
Reuters-ის ინფორმაციით ტანკერებს არ უშვებენ ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტ ცინგტაოში, ასევე შეჩერებულია რუსული გემების მიღება ჟიჭაოსა და იანტაის პორტებში.
14 იანვარს Bloomberg-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ტანკერების პორტებში მიღებასა და მომსახურებას ინდოეთიც შეაჩერებს. გამოცემას ინდოეთის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ სანქცირებული გემებს ინდოეთის პორტებში ნავთობის ჩამოტვირთვა აეკრძალებათ. შეზღუდვა არ შეეხება 10 იანვრამდე პორტში შესულ გემებს, იმ პირობით, რომ გემები 12 მარტამდე დაიცლებიან.
ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულ ნავთობს რეგულარულად 250-300 ტანკერი ზიდავს.
აშშ-ს სანქციები სიაში მოხვედრის შემდეგ, სამი ტანკერი, რომლებსაც 2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი გადააქვს, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში ტივტივებს.