სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი სასამართლოს, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის შესახებ მიმართავს.
მიმართვაში სმიტი აღნიშნავს, რომ საქმე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო უნდა დაიხუროს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას კრძალავს.
"იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, კონსტიტუცია მოითხოვს ამ საქმის გაუქმებას ბრალდებულის ინაუგურაციამდე". - დაამატა სმიტმა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმეები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის შესახებ იყო აღძრული.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში ჯეკ სმიტს გაათავისუფლებდა.
დონალდ ტრამპი ბრალდებებს "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებდა.