რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ოლქებზე მასიური იერიში მიიტანა, რამდენიმე საწარმოში ხანძარია

RBC.ua

უკრაინამ რუსეთზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა რამდენიმე სამრეწველო ობიექტზე.

14 იანვარს, დაახლოებით 5:00 საათზე აფეთქებების ხმა გაისმა ბრიანსკის ოლქში. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს იერიში. საწარმოში ტყვია წამალი იწარმოება.

ბრიანსკის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული რაკეტები გაანადგურა, ხოლო ხანძარი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

ბრიანსკის პარალელურად უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში ტულის ოლქზეც მიიტანა. ადგილობრივ Telegram არხებში გავრცელდა იერიშის ამსახველი რამდენიმე ვიდეო.

გამთენიისას უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ყაზანში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქიმიურ ქარხანა ორგსინტეზის ტერიტორიაზე.

რუსული მედიის ინფორმაციით ცეცხლი რამდენიმე თხევადი გაზის ცისტერნას წაეკიდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის მტკიცებით ხანძარი არა ქიმიურ ქარხანაში, არამედ მოშორებით, დასახლების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაჩნდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში სარატოვის ოლქში მდებარე ქალაქ ენგელსზე. ერთი კვირის წინ ენგელსში უკრაინული იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის ბაზას, რომლის ჩასაქრობად ადგილობრივ ხელისუფლება 5 დღე დასჭირდა. რეგიონის ხელმძღვანელის, რომან ბუსარგინის თქმით, 14 იანვრის იერიშის შედეგად ერთ-ერთ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა(ბუსარგინმა არ დააზუსტა, რომელ საწარმოზეა საუბარი), ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, ხანძარი კვლავ ნავთობის ბაზაზე გაჩნდა.

კომენტარები