რუსეთი

ციმბირში 50 000 წლის წინანდელი მამონტის ნეშტი გამოფინეს

Roman Kutukov/Reuters

რუსეთში საჯაროდ წარადგინეს იაკუტის რეგიონში აღმოჩენილი პატარა მამონტის ნეშტი, რომელიც ივნისში ბატაგაიკას კრატერში აღმოაჩინეს. რუსი მეცნიერების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული მამონტის ნიმუშია. ნეშტი მდედრ ცხოველს ეკუთვნის, რომლის სიმაღლე 120 სანტიმეტრი, ხოლო წონა 100 კილოგრამზე მეტია. მეცნიერებმა მამონტს “იანა” დაარქვეს.

მათი აზრით, იანა სიკვდილის დროს ერთი წლის იყო. აღნიშნული ნეშტის აღმოჩენამდე, მსოფლიოში მხოლოდ ექვსი მამონტის სრული ჩონჩხი იყო ნაპოვნი – ხუთი რუსეთში და ერთი კანადაში.

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა მსოფლიოში“ - განაცხადა მაქსიმ ჩეპრასოვმა, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის (NEFU) მამონტების მუზეუმის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. რადიოკარბონული ანალიზის შედეგების მიხედვით, ნეშტის ასაკი 50 000 წელია.

იანა ბატაგაიკას კრატერში, დნობის პროცესში მყოფ ყინულის ფენაში აღმოაჩინეს. 1 კილომეტრის სიღრმის კრატერში, რომელსაც "ქვესკნელის კარიბჭეს" უწოდებენ, წარსულში სხვა უძველესი ცხოველების, მათ შორის, ბიზონის, ცხენებისა და ძაღლების ნეშტებიც გამოვლინდა.

იანას ნეშტს რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტში შეისწავლიან, რომელიც სპეციალიზებულია მამონტების კვლევაზე და შესაბამის მუზეუმსაც ფლობს.

კომენტარები