ხაზმატ ჩამაევი

ვინ არის UFC-ში კადიროვის დაბრუნებული მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი, რომელსაც კალაძე შეხვდა

Khamzat Chimaev/Instagram

გუშინ, 22 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) ჩეჩნური წარმოშობის რუს მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს შეხვდა, რომელიც რამზან კადიროვის მეგობარია.

ჩიმაევს ძიუდოისტი, ლაშა ბექაურიც და ქართული ოცნების დეპუტატი, გენო პეტრიაშვილიც შეხვდნენ. 

ხამზატ ჩიმაევი,  ასევე ცნობილი, როგორც Борз (ჩეჩნურად "მგელი"), 2014 წლამდე ჩეჩნეთში იბრძოდა, მოგვიანებით კი შვედეთში ძმასთან საცხოვრებლად გადავიდა. 

კადიროვისა და ჩიმაევის მეგობრობა 2020 წელს დაიწყო, როდესაც მებრძოლი ცნობილი გახდა - მან კატარში 10 დღის განმავლობაში ორი ბრძოლის მოიგო და რეკორდი დაამყარა. თავისი კარიერის განმავლობაში ჩიმაევს ჯერჯერობით არცერთი ბრძოლა არ წაუგია. ჩეჩნეთის ლიდერმა კატარში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ჩიმაევი საუკეთესო მებრძოლებს მიაკუთვნა და "მსოფლიო არენაზე დიდი წარმატებები" უწინასწარმეტყველა.  

პირველი წარმატებების შემდეგ ჩიმაევმა მალევე გამოაცხადა, რომ კარიერს ასრულდება -  სპორტსმენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შემდგომ, კადიროვმა მას მოუწოდა, "ძალები მოეკრიბა და ხელები არ ჩამოეშვა" და შვედეთიდან ჩეჩნეთში კერძო თვითმფრინავით "გამოკვლევებისთვისა და რეაბილიტაციისთვის" ჩაიყვანა. 

საბოლოოდ, დიაგნოზი მცდარი აღმოჩნდა და ჩიმაევი სპორტულ კარიერას მიუბრუნდა. 

ჩიმაევის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ 2022 წელს მებრძოლს კადიროვმა მდიდრული ქორწილი გადაუხადა, რომელიც ახმად კადიროვის სახელობის ფონდმა დააფინანსა. პარალელურად, ამ დროს, ჩეჩნეთში რუსეთ-უკრაინის ომში კადიროველების დიდი დანაკარგების გამო მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის, ქორწილები აკრძალული იყო. 

აკრძალვის მიუხედავად ჩატარებული გრანდიოზული ქორწილისთვის ქალაქში ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, საქორწილო ავტოკოლონას, რომელშიც 20 პრემიუმ კლასის მანქანა შედიოდა, ვერტმფრენი და პატრული ახლდა თან. 

კადიროვთან მეგობრობის გამო ჩიმაევი ხშირად გაუკრიტიკებიათ. მაგალითად, UFC-ის პოლონელმა მებრძოლმა, იან ბლახოვიჩმა გამოცემა Przeglad Sportowy-სთან საუბრისას ჩიმაევის მხრიდან კადიროვის მხარდაჭერა გააკრიტიკა. 

"თუ ჩიმაევი ისეთ ადამიანებს უჭერს მხარს, როგორიც კადიროვია, ხელები თავადვე ასევე აქვს სისხლში ამოსვრილი". - თქვა ბლახოვიჩმა. 

კადიროვთან ურთიერთობის შესახებ შვედურ გამოცემა Expressen-თან თავად ჩიმაევმაც ილაპარაკა. მებრძოლმა თავი გაიმართლა და ჩეჩნეთის ლიდერი შვედეთის მეფეს შეადარა.

"შვედეთში არის მეფე, ხომ ასეა? თუ მეფე მეტყვის, რომ მასთან მივიდე და ვისადილო მასთან, ასეც გავაკეთებ. მეფეს პატივს ვცემ. კადიროვ - ჩემი რესპუბლიკის პრეზიდენტია და მას პატივს ვცემ". - თქვა ჩიმაევმა. 

ჩიმაევი ჩეჩნეთს რეგულარულად სტუმრობს და კადიროვთან და მის შვილებთან ერთად ვარჯიშობს - 2022 წელს ჩიმაევი კადიროვის ორი ვაჟის, ზელიმხანისა და ადამის, ტრენერი გახდა. ამასთანავე, იგი კადიროვის გვერდით იმყოფებოდა, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერი პირდაპირ ეთერში იმ მცირეწლოვნის მოკვლით დაიმუქრა, რომელმაც მისი მმართველობის ფორმა გააკრიტიკა.  

ხოლო 2023 წლის 23 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, ჩიმაევი აბუ დაბიში UFC-ის შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ კადიროვს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი მზადაა, "პირველი წავიდეს პალესტინაში", რათა "მუსლიმი ძმებისთვის დაიღუპოს".

ამასთანავე, მიმდინარე წლის ივნისში ისრაელელმა მებრძოლმა, ჰაიმ გოზალიმ თქვა, რომ უკრაინაში მასზე, მის შვილსა და მის ტრენერზე თავდასხმამდე ჩიმაევისგან, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვისგან და სხვა "40 მასთან დაკავშირებული დაღესტნელისგან", მათ შორის, ხასბულა მაგომედოგივსგან სიკვდილის მუქარები მიიღო. 

მოგვიანებით, ივლისში, მებრძოლი ასევე მის კრიპტოვალუტასთან, Smash-თან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა - სპორტსმენმა ვალუტას რეკლამას უკეთებდა და მხარს უჭერდა, ფასში ვარდნის შემდეგ კი ამტკიცებდა, რომ მასთან კავშირი არასდროს ჰქონია. 

2022 წლის სექტემბერს აშშ-მ კადიროვი და მისი ოჯახის წევრები შავ სიაში შეიყვანა, რომელთანაც აშშ-ს მოქალაქეებს საქმის წარმოება ეკრძალებათ. 

მანამდე, 2020 წლის 20 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადიროვი სანქციების სიაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ჩაამატა. სანქციები ასევე შეეხო მის მეუღლეს მედნი კადიროვას და მის ქალიშვილებს, აიშატ და კარინა კადიროვებს. სანქციები მოიცავს  ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და საქმიანი კონტაქტების შეზღუდვას, ასევე აშშ-ს ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას. მანამდე, კადიროვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დაწესდა.

გამოცემა Кавказ.Реалии-სთან ჟურნალისტმა კარიმ ზიდანმა თქვა, რომ კადიროვზე დაწესებული სანქციების გამო მასთან დაახლოებულ მებრძოლებს, მათ შორის ჩიმაევსაც, ამერიკული ვიზის აღებისას პრობლემა ექმნებათ. 

2023 წელს ჩიმაევი საცხოვრებლად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა და UFC-მ მასთან ახალი ხელშეკრულება დადო. ინტერვიუში სპორტსმენის ტრენერმა თქვა, რომ ჩიმაევი გაერთიანებულ საამიროებში ქვეყნის პასპორტის აღების მიზნით გადავიდა. მისივე თქმით, მებრძოლმა მიიჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტი მოგზაურობას გაუმარტივებდა. 

ჩიმაევის მოგზაურობის შესახებ ზიდანი გამოცემასთან განმარტავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობა გართულებულია, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეს თემა გაცილებით ნაკლებად დელიკატურია. 

აბუ-დაბიში 21 ოქტომბრის ბრძოლის შემდეგ რამზან კადიროვმა ჩიმაევი კერძო თვითმფრინავით ჩეჩნეთი დააბრუნა და Mercedes Benz-ის მარკის ახალი მანქანა მესამედ აჩუქა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე, კადიროვს მისთვის ნაჩუქარი აქვს Mercedes-Benz-ის მარკის მანქანა, რომლითაც ჩიმაევი 2021 წლის აპრილში ავტოავარიაში მოყვა.

ზიდანმა Кавказ.Реалии-სთან საუბრისას თქვა, რომ კადიროვი წლების განმავლობაში UFC-ის მებრძოლებთან ურთიერთობებს პირადი და პოლიტიკური სარგებლისთვის იყენებს. 

"პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპორტსმენებთან ურთიერთობით კადიროვს შეუძლია ძალის დემონსტრირება და, ამავდროულად, თავის მამაკაცურ, დიდსულოვან და გულუხვ ლიდერად წარმოჩენა, რომელიც საბრძოლო ხელოვნების მფარველს წარმოადგენს და არა მხედართმთავარ-მკვლელს". - წერს ჟურნალისტი. 

ჩიმაევისთვის ჩეჩნეთის ლიდერთან ურთიერთობის მთავარ სარგებლად ზიდანი მატერიალურ წარმატებას ასახელებს, რომლისთვისაც სპორტსმენს საკუთარი ავტორიტეტის დათმობა უწევს. 

"ჩიმაევს ჩეჩნეთში აქვს მდიდრული სახლები, პრემიუმ კლასის ავტომობილების პარკი, "მეთაურის" აღფრთოვანება და ჰყავს ცოლი. შვედეთში ის ამას ვერ მიიღებდა, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ეს მას ღირსებისა და სულის ფასად დაუჯდა". - თქვა ზიდანმა.
 

კომენტარები