სამხრეთ კორეის არმიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დამატებით სამხედროებითა და შეიარაღებით, მათ შორის, კამიკაძე დრონებით, დაეხმაროს.
ჩრდილოეთ კორეას რუსეთში უკვე ათასობით სამხედრო ჰყავს გაგზავნილი. ბოლო დღეებში კი ჩრდილოკორეელი სამხედროები კურსკის ოლქში რუს ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო მოქმედებებში იყვნენ ჩართული.
სამხრეთ კორეული მედია Yonhap-ის ცნობით, ქვეყნის გაერთიანებული შტაბის უფროსის აზრით, ფხენიანი რუსეთისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გასაწევად ემზადება.
"სადაზვერვო ინფორმაციის ყოვლისმომცველი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება, შეცვალოს ან გაზარდოს [რუსეთში] სამხედროების ბაზირება მაშინ, როცა ამჟამად 240-მმ-იან სარაკეტო გამშვებ მოწყობილობებსა და 170-მმ-იან თვითმავალ არტილერიას აწვდის". - განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა.
5 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს.
თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს უკვე იყენებენ.