აშშ-ში, პენსილვანიაში 26 წლის ლუიჯი მანჯონე ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიის, UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორის, ბრაიან ტომფსონის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ნიუ იორკის პროკურატურამ მანჯონეს ბრალი ასევე წარუდგინა ყალბი დოკუმენტის მეორე ხარისხის ფლობის ერთ პუნქტში, იარაღის მეორე ხარისხის უკანონო ფლობის ორ პუნქტსა და ცეცხლსასროლი იარაღის მესამე ხარისხის უკანონო ფლობის ერთ პუნქტში.
პოლიციამ მანჯონეს ზურგჩანთაში Glock-ის სავაზნე კოლოფის მქონე 3D პრინტერით დამზადებული შავი პისტოლეტი და ასევე 3D პრინტერით დამზადებული გასროლის ხმის დამხშობი აღმოაჩინა. ნიუ იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტისქის თქმით, როგორც პისტოლეტი, ისვე დამხშობი, მკვლელობისთვის გამოყენებულ იარაღს შეესაბამება.
იარაღთან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა "ტანსაცმელი, მათ შორის ნიღაბი", რომელიც "ძებნილი პირისას შეესაბამება".
ამასთან, სამართალდამცავებმა მანჯონეს ნივთებში ყალბი პირადობა იპოვეს, რომლითაც ის მკვლელობამდე სასტუმროში დარეგისტრირდა, და აღმოაჩინეს "ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც მისი მოტივაციისა და დამოკიდებულების შესახებ საუბრობს". ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივთა ხელმძღვანელის, ჯოზეფ კენის თქმით, დოკუმენტი კონკრეტულ მუქარებს არ შეიცავს, მაგრამ ამერიკული კორპორაციებს მიმართ "მტრულ დამოკიდებულებაზე" მიუთითებს.
კენის თანახმად, დოკუმენტი მიუთითებს, რომ ბრალდებული მარტო მოქმედებდა. როგორც CNN იუწყება, ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, დოკუმენტში ეწერა, რომ "ეს პარაზიტები ამას იმსახურებდნენ".
მანჯონე აშშ-ს ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდან, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს ფლობს. მისი ერთ-ერთი თანაკურსელის თქმით, მანჯონე "სრულად ნორმალური" იყო.
მანამდე, 4 დეკემბერს UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომფსონი ნიუ იორკში იმ შენობის გარეთ მოკლეს, სადაც ინვესტორთა კონფერენცია იმართებოდა, რასაც ნიუ იორკის პოლიციის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი ძიება მოჰყვა.
საბოლოოდ, მაკდონალდსის თანამშრომელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ძებნილი პირი იცნო.
გამოძახებულ პოლიციას მანჯონე სამედიცინო ნიღაბში დახვდათ. ბრალდებულმა სამართალდამცავებს თავდაპირველად ყალბი იდენტობა წარუდგინა, თუმცა როცა პოლიციელებმა მსგავსი ID ჩანაწერებში ვერ იპოვეს, მანჯონემ თავისი ნამდვილი ვინაობა გაამჟღავნა და შემდგომ თქვა, რომ ყალბი ვინაობა "ნამდვილად არ უნდა" გამოეყენებინა.





