აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა და ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტებით იერიშის მიტანაზე შეზღუდვის მოხსნა განიხილა.
ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვის მოხსნას და რუსეთის მიერ უკრაინაში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას უოლცმა "აშკარა ესკალაცია" უწოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის, თუ საითკენ მიემართება ეს ყველაფერი.
"ეს აშკარა ესკალაციაა და საფიქრალი იყო ის, თუ საით მიემართება ეს ესკალაცია. [შეზღუდვის მოხსნა] მეტწილად პასუხი იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ [ომში] ჯარისკაცების გაგზავნაზე. ჩვენ ახლა ვუპასუხეთ რუსეთის სიღრმეში ამ იერიშებზე ნების დართვით. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ დარტყმები ხდება მიმწოდებელ საცავებს, აეროდრომებს და რუსული იერიშის უკან დახევას იწვევს. ეს [დარტყმები] არ სწვდება მოსკოვს ან სანქტ პეტერბურგს, მაგრამ სადამდე მიდის ეს მთელი ესკალაცია?". - თქვა ტრამპის მომავალმა მრჩეველმა.
უოლცის თქმით, ტრამპს ცხადად აქვს ნათქვამი, რომ ამ კონფლიქტის დამთავრების საჭიროება არსებობს. შესაბამისად, მისი თქმით, ახლა საჭიროა იმის განხილვა, თუ როგორ მოხდება მოლაპარაკებების წარმართვა.
თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე პერიოდი აშშ-ს მოკავშირეებისთვის "შესაძლებლობებს" არ გულისხმობს, რადგან ორივე ადმინისტრაცია აშშ-სთან ერთად "ერთი გუნდია".
"მე ასევე მსურს ერთი რამის დაზუსტება: მე და ჯეიკ სალივანს საუბრები გვქონდა, ჩვენ შევხვდით. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებლობების დროა, რომ მათ შეუძლიათ, ერთი ადმინისტრაციით მეორეზე ითამაშონ, ისინი ცდებიან და ჩვენ ხელი და ხელთათმანი ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ აშშ-სთან ერთად [ძალაუფლების] გადაბარების ამ პროცესში". - თქვა უოლცმა.
ტრამპის მომავალი მრჩეველი ასევე ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დამტკიცებას გამოეხმაურა და Amnesty International-ის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაიდენის გადაწყვეტილებას "დამანგრეველი, აღმაშფოთებელი და საშიში" უწოდა.
უოლცის თქმით, აღნიშნული ნაღმები ისეთი ტიპისაა, რომელთა "ჩართვა და გამორთვაც" შეიძლება. ცნობისთვის, ამერიკული ნაღმები რუსულისგან განსხვავებულია, რადგან ისინი "მუდმივი" არ არის და წინასწარ განსაზღვრული დროის შემდეგ უმოქმედო ხდება. მათ აფეთქებას ბატარეა სჭირდება და როდესაც ბატარეას ვადა გასდის, მათი აფეთქება აღარ ხდება.
"ეს არის ნაბიჯი ხაზების გარკვეულწილად გამაგრებისკენ, ასევე გვჭირდებოდა, რომ რუსეთის წინსვლა შეგვეჩერებინა. სხვადასხვა ფაქტორია ჩართული აქ". - ამბობს უოლცი, თუმცა ამატებს, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ზოგადად კონფლიქტის დასრულების ფართო გადმოსახედიდან.
ამას გარდა, უოლცის მიხედვით, მშვიდობის დამყარებაში "ევროპელებს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ" და ამასთანავე მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ს ენერგოპოლიტიკა.
"ჩვენ გვჭირდება, რომ ეს [ომი] პასუხისმგებლობიან დასასრულამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ აღვადგინოთ შეკავების პოლიტიკა, აღვადგინოთ მშვიდობა და წინ გავუსწროთ ესკალაციის კიბეს, მასზე პასუხის გაცემის მაგივრად". - თქვა უოლცმა ინტერვიუში.
რა პოლიტიკას ემხრობა უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი მრჩეველი უკრაინასთან მიმართებით
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
ამავე დღეს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.
21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.
რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა