სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსში იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის წიგნები აღარ იყიდება. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ანტი-ლგბტ კანონთან, რომელიც პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო.
ტაბულა ბიბლუსს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მურაკამის წიგნების გაყიდვის უფლება სულაკაურის გამომცემლობას დროებით შეჩერებული აქვს.
გამომცემლობამ ტაბულასთან კომენტარში თქვა, რომ 8 წიგნზე ამჟამად ლიცენზიის განახლების პროცესი მიმდინარეობს, "რაც ბიუროკრატიას უკავშირდება და არა რეპრესიულ კანონმდებლობას".
"დღემდე ჰარუკი მურაკამის 10 წიგნი გამოვეცით. ყველა ნაწარმოებზე, რომლის ავტორის სიკვდილიდან 70 წელი არ გასულა, არსებობს ლიცენზია, რომელიც უვადო არ არის. შესაბამისად პერიოდულად ხდება ვადის გაგრძელება.
ამიტომ დაყოვნდა ახალი წიგნები. ერთდროულად 8 წიგნზე გვიწევს ლიცენზიის განახლება, რაც ბიუროკრატიას უკავშირდება და არა რეპრესიულ კანონმდებლობას. პარალელურად ვისარგებლეთ რა ამ პაუზით, შევიძინეთ სერიის ახალი დიზაინი. სამი ყდა იაპონელი მხატვრების გაფორმებულია, დანარჩენებზე კი ქართველი ილუსტრატორი კვაჭი კიცუნე მუშაობს". - ნათქვამია კომენტარში.
საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. 2024 წლის 17 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
გარდა მამისა, კანონპროექტით დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.





