რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა

ATACMS-ის რაკეტა აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებზე
Getty Images

17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს. 

ამერიკულმა გამოცემა Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ მოგვიანებით დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს. შესაბამისად, აშშ-ს მხრიდან ასეთი შეზღუდვის მოხსნა, პირველ რიგში, უკრაინის მიერ რუსეთის კურსკის ოლქში ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლოა, მომდევნო დღეებსა თუ თვეებში უკრაინის იერიშების სამიზნე გახდეს ის იარაღის საწყობები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და სხვა სახის სამიზნეები, რომლებიც მანამდე უკრაინისთვის ხელმიუწვდომელი იყო. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ კურსკის ოლქში უკრაინული ძალების დაცვის მხრივაც ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი კურსკში 50 000-მდე ჯარისკაცის გამოყენებით, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებით, მასობრივ იერიშს გეგმავს. იერიშის მიზანი ყველა იმ ტერიტორიის აღებაა, რომლის დაკავებაც უკრაინამ აგვისტოში მოულოდნელი საბრძოლო მოქმედებების წამოწყებით შეძლო.

მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბაიდენმა რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვის პასუხად მიიღო. მათი თქმით, მიზანი ჩრდილოეთ კორეისთვის მესიჯის გაგზავნაა, რომ მათი ჯარისკაცები უკრაინაში უსაფრთხოდ არ არიან. Axios-ის მიხედვით, ამერიკელი მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ თუკი კურსკში ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებზე უკრაინა იერიშებს მიიტანს, ფხენიანი სამომავლოდ რუსეთში დამატებით სამხედროების გაგზავნას გადაიფიქრებს, ხოლო კურსკში რუსეთის კონტრშეტევა ჩავარდება.

New York Times-ს მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ უკრაინა პირველად შორი რადიუსის რაკეტებს, სავარაუდოდ, კურსკის ოლქში გამოიყენებს, თუმცა, ბაიდენმა შესაძლოა, მათ გამოყენებაზე ნებართვა შემდგომში რუსეთის სხვა წერტილებზეც გასცეს.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მასშტაბები ეტაპობრივად გაზარდა. ამასთანავე, ყოველ ეტაპზე აშშ უკრაინას უფრო დახვეწილ შეიარაღებას აწვდიდა, ხოლო საბრძოლო მასალების მიწოდების მხრივ აშშ-ს მიერ აღებული ახალი ვალდებულებების უკან წაღება ან მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება არ ხდებოდა:

თავდაპირველად აშშ-ს სამხედრო დახმარება ძირითადად ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას მოიცავდა, თუმცა ომის კურსის ცვლილებასთან ერთად, აშშ-მ უკრაინისთვის საარტილერიო შეიარაღების მიწოდებაც დაიწყო. მოგვიანებით, უკრაინამ, ხანგრძლივი მოთხოვნების შემდეგ, საბრძოლო ტანკები და ავიაგამანადგურებლებიც მიიღო. ეტაპობრივად მოიხსნა შეზღუდვები HIMARS-ის გამოყენებაზეც და ახლა იგივე მოხდა ისეთი ამერიკულ შორი რადიუსის რაკეტებზე, როგორიცაა ATACMS-ები.

შესაბამისად, კურსკის ბაიდენის ბოლო გადაწყვეტილებით გადალახული მორიგი რუსული "წითელი ხაზი", დიდი ალბათობით, განაპირობებს იმას, რომ კურსკის დასაცავად უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში მიტანილი იერიშების შემდეგ, ბაიდენი თვისებრივად ამავე სახის დარტყმებზე, თუმცა სხვა რეგიონებში, დამატებით ნებართვებს გასცემს. ეს რუსეთს ხელს შეუშლის საკუთარი სამხედრო მოქმედებები ისე წარმართოს, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. 

New York Times-თან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რომ ისინი ამ გადაწყვეტილებით ომის კურსის ფუნდამენტურად შეცვლას არ მოელიან, თუმცა ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანა მისი "გამარჯვების გეგმის" მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაშინ, როცა აშშ-ში არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თითქმის 2 თვე რჩება, ხოლო მანამდე რუსეთი კურსკის ოლქში მასშტაბური იერიშისთვის ემზადება, ბაიდენის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, უკრაინას რუსული იერიშის მოგერიებაში ეფექტურობას უზრდის, და მეორე მხრივ, უკრაინას შანსს ანიჭებს, რომ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების დროს, უკრაინა ომში უფრო დამაჯერებელ და მყარ პოზიციაზე იდგეს.

თუკი უკრაინა კურსკის ოლქზე კონტროლს შეინარჩუნებს და უფრო მეტიც, რუსეთის სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, ლოჯისტიკურ კვანძებს, სამხედრო შენაერთებსა თუ იარაღის საწყობებს დაარტყამს და ამით ბრძოლის ველზე გარკვეული უპირატესობის მოპოვებას შეძლებს, ეს უკრაინას ტრამპის პრეზიდენტობისთვის უკეთ მომზადებულს დატოვებს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთს ამ მხრივ შედარებითი წინსვლა ჰქონდა. ბრძოლის ველზე უკრაინისთვის უფრო სახარბიელო ვითარება გადამწყვეტი იქნება მაშინაც, თუკი გამართლდა ტრამპის დაპირება, რომ იგი რუსეთ-უკრაინის ომს, მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანით, მალე დაასრულებს.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან რეაქციას, რუსული მხარის წარმომადგენლები ომის ყველა ეტაპზე იმუქრებოდნენ, რომ უკრაინისთვის ახალი სახის იარაღით სამხედრო დახმარების გაწევა ან გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, დასავლეთის ომში ჩართვას გამოიწვევდა. თუმცა, რუსული "წითელი ხაზების" გადაკვეთის შემდეგ ამ მუქარებზე შიშები მალევე ქარწყლდებოდა.

რუსეთი მსგავს განცხადებებს შორი რადიუსის რაკეტებზე უკრაინისთვის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებითაც აკეთებდა. 12 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დასავლეთი რუსეთთან ომში "პირდაპირ ჩაერთვებოდა", რადგან, მისი მტკიცებით, ეს კონფლიქტის მასშტაბსა და ხასიათს შეცვლიდა. სავარაუდოდ, ახალ რეალობასთან შეგუება რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწევს.

კომენტარები