ანტისემიტიზმი ნიდერლანდებში

ხეერტ ვილდერსს ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდამსხმელების დეპორტაცია სურს

ნიდერლანდელი მემარჯვენე პოლიტიკოსი ხეერტ ვილდერსი
Jasper Juinen/Bloomberg

13 ნოემბერს ნიდერლანდების მთავრობის წევრი პარტიის, თავისუფლების პარტიის (PVV) ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებზე მომხდარ თავდასხმებში ბრალი "მაროკოელებს" დასდო და განაცხადა, რომ "მათ ებრაელების განადგურება სურთ".

ამასთანავე, მას იმ ორმხრივი მოქალაქეობის მქონე ადამიანების დეპორტაცია სურს, რომლებსაც თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წარუდგინეს.

ნიდერლანდელმა პარლამენტარებმა ინციდენტის შემდეგ ანტისემიტიზმი დაგმეს და შეთანხმდნენ, რომ ძალადობაში დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ და მკაცრი სასჯელი განესაზღვროთ. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვილდერსი "ცეცხლზე ნავთის დასხმაში" დაადანაშაულეს.

8 ნოემბერს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელური საფეხბურთო გუნდის, მაკაბი თელ-ავივისა, და ნიდერლანდური გუნდის, აიაქსის მატჩის შემდეგ ასობით ისრაელელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ.

ისრაელელი გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ამსტერდამის ქუჩებში აიაქსთან მაკაბი თელ-ავივის მარცხის შემდეგ თავს დაესხნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ შენიღბული თავდამსხმელები პალესტინის დროშებს ატარებენ და პროპალესტინურ ლოზუნგებს ყვირიან.

11 ნოემბერს ნიდერლანდების პოლიციამ გამოაცხადა, რომ ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით დამატებით 5 ბრალდებული დააკავეს. ბრალდებულები ამსტერდამსა და დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქებში მცხოვრები 18-37 წლის ასაკის მამაკაცები არიან. 

მანამდე, პოლიციამ გამოაცხადა, რომ თავდასხმებთან დაკავშირებით 63 პირი იყო დაკავებული. თუმცა, ნიდერლანდების პროკურატურის თქმით, 11 ნოემბრისთვის მხოლოდ 4 პირი იყო კვლავ დაკავებული, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ. 

კომენტარები