საქართველო-სლოვაკეთი

ირაკლი კობახიძე რობერტ ფიცოს შეხვდა, მან სლოვაკი კოლეგა საქართველოში მოიწვია - მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. 

"სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. 

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. 

პრემიერმინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

შეხვედრის შესახებ ირაკლი კობახიძემ X-ზეც დაწერა.

" ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რობერტ ფიცოსთან, ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა.  მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის" - წერს კობახიძე.

 

 

კომენტარები