საქართველო-სლოვაკეთი

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი განიხილება, "როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშანი".

"შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და აფხაზთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

ხაზი გაესვა, სლოვაკეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის საკითხებში. ასევე, აღინიშნა სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, მომავალში გააძლიეროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში.

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

კომენტარები